ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის შეწყვეტა არ განიხილება – პროკურორი

10 მარტი, 2020 • 1235
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის შეწყვეტა არ განიხილება – პროკურორი

მამუკა ხაზარაძის, ავთანდილ წერეთლის და ბადრი ჯაფარიძის საქმის ერთ-ერთი პროკურორის განცხადებით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდების მოხსნა პროკურატურის მხრიდან არ განიხილება.

“სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი სახის დოკუმენტს [ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული მემორანდუმი], სწორედ ამიტომ, ამ დოკუმენტის საფუძველზე რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია”, – განმარტა პროკურორმა სალომე ჩიქობავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავთანდილ წერეთლის ადვოკატის, კახაბერ წერეთლის თქმით, ოპოზიცია-მთავრობის მიერ დადებული შეთანხმება დიდ გავლენას არ იქონიებს მიმდინარე პროცესზე:

” ამ საქმეში ფულის გათეთრების ნიშები არ არის ამიტომ, ეს მოხდება კონსესუსის ფონზე თუ ნებისმიერ სხვა ფონზე, დადგება გამამართლებელი განაჩენი” – განმარტა წერეთელმა პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.


ოპოზიციამ და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა 8 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ მათ შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიციის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად:

  1. ციხეებიდან გათავისუფლდებიან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები;
  2. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით;
  3. პარლამენტში მოსახვედრი ბარიერი დაიწევს 1%-მდე.

თუმცა, მემორანდუმში, რომელიც ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა, კონკრეტული პატიმრების გვარები ნამდვილად არ არის აღნიშნული. პოლიტიკური საქმეების, ან პოლიტიკურად დევნილი ადამიანების საქართველოში არსებობას უარყოფს ხელისუფლება და შესაბამისად, აცხადებენ, რომ ამ კუთხით მათი მხრიდან რაიმე სახის დაპირება არც გაცემულა და ვერც გაიცემოდა.

მემორანდუმი – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი