ახალი ამბები

COVID-19-ზე ტესტირება თბილისის ინფექციურში, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდება

10 მარტი, 2020 • 1799
COVID-19-ზე ტესტირება თბილისის ინფექციურში, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდება

ახალ კორონავირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის გარდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებებშიც იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო სინჯების საკმარისი მარაგებია და მათი შევსება მუდმივად მიმდინარეობს.

პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ ტესტირებას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშიც ჩაატარებენ, რამდენადაც მათ მსგავსი ანალიზების ჩასატარებლად მომზადებული თანამშრომლები ჰყავთ. ამასთან, შესაბამისი გადამზადება გავლილი აქვთ ქუთაისსა და ბათუმში ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებების პერსონალს:

“სინჯების საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს. დღეისათვის 3 000 ზე მეტი ანალიზისთვის საკმარისი მარაგია და შეკვეთილია შემდეგი მარაგები. ახლა ვიწყებთ დეცენტრალიზაციას ანალიზების. იგივე ინფექციურ საავადმყოფოს ჰყავს მომზადებული თანამშრომლები, გადავცემთ სინჯებს და ისენიც დაიწყებენ. ასევე, ჩვენი განყოფილებებია ლუგარის ლაბორატორიის, ბათუმსა და ქუთაისში ისენიც უკვემ მომზადებული არიან, ტრენინგები აქვთ გავლილი. თუ საჭირო იქნება მზად ვართ მეზობელ ქვეყნებსაც დავეხმაროთ” – ამბობს პაატა იმნაძე.

ბოლო მონაცემებით (10 მარტი 12:00 საათი) საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინში 178 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში დაკვირვებას კი 56 ადამიანი გადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი