ახალი ამბები

ომბუდსმენი: ჯანდაცვა, განათლება, აფხაზებისა და ოსებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს

8 აგვისტო, 2015 •
ომბუდსმენი: ჯანდაცვა, განათლება, აფხაზებისა და ოსებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს

“საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების დაწყებიდან თითქმის 25 წელი გავიდა. დადგა დრო მხარეებმა, მათ შორის პოლიტიკურმა წრეებმა და საზოგადოებებმა, შინაარსობრივი დისკუსია დაიწყონ ურთიერთობების ნორმალიზებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის ყველა მხარეს მცხოვრებ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, მათი ღირსებისა და უფლებების დაცვას, დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების ტრანსფორმაციასა და ომის შედეგად მიყენებული ჭრილობების მოშუშებას”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენის აზრით, ამისთვის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მეტი კოორდინაცია და ჩამოყალიბებული სტრატეგიაა საჭირო. საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი სიკეთეები, მათ შორის ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარება და აშ. თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის, მათი უფლებების რეალიზაციასა და კონფლიქტებით დაზარალებული საზოგადოებების განვითარებისა და დეიზოლაციისათვის.

 

იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის ომის შემდეგ 7 წელი გავიდა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი და ოსი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფაში, საარსებო საშუალებების მოსპობასა და გამყოფ ხაზზე გახშირებულ უკანონო დაკავებებში, აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამოუძიებელია შეიარაღებული მოქმედებების შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, არ მომხდარა დამნაშავეთა იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა. კონკრეტულად, იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცულ პირთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობას, ქონების განადგურებას და ა.შ. რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის დასკვნით, შესაძლოა წარმოადგენდეს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს.

 

სახალხო დამცველის აზრით, თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგ დაკავებული პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, რაც ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

 

ომბუდსმენის ინიციატივის ნაწილია ისეთი მექანიზმეების შექმნა რომლებიც უზრუნველყოფენ გამყოფ ხაზზე დაკავებების პრაქტიკის აღმოფხვრას, რადგან დაკავებების უწყვეტი სერია ზრდის რადიკალურ განწყობას მოსახლეობაში, რაც დაძაბულობის ესკალაციისა და დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს.

 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური მოქნილობა უნდა გამოიჩინოს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმების შესაქმნელად, უპირველეს ყოვლისა, გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღსადგენად.

უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი
უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

მასალების გადაბეჭდვის წესი