ახალი ამბები

საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

10 მარტი, 2020 • 954
საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Reuters წერს. 

გამოცემის თანახმად, მინისტრთან ერთად, იგივე დიაგნოზი რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანსაც აქვს. როიტერსის ცნობით, მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ის სახლში იმყოფება.

ევროპის ქვეყნებს შორის საფრანგეთი ერთ-ერთია, სადაც კორონავირუსის ახალი ტიპის ვირუსი განსაკუთრებით გავრცელდა. აქ 1 412 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 25 გარდაცვალება. 

სიტუაცია ბევრად რთულია საფრანგეთის მეზობელ იტალიაში, რომელიც წითელ ზონად ოფიციალურად უკვე გამოცხადდა. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ყველა სკოლა და უნივერსიტეტი 2020 წლის 3 აპრილამდე, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება და დაწესდა შეზღუდვები ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია, სულ მცირე, 9 172 ადამიანი. ჩინეთის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობა აქ ყველაზე მეტია. აქედან გარდაცვლილია 463 ადამიანი, გამოჯანმრთელდა კი – 724.

კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, ლაბორატორიულად დადასტურებულია 110 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 4 ათასს გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი