ახალი ამბები

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევაზე ზომები გამკაცრდება – იმნაძე

9 მარტი, 2020 •
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევაზე ზომები გამკაცრდება – იმნაძე

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფო გაამკაცრებს ზომებს იმ პირების მიმართ, ვინც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მოგეხსენებათ, უკვე გამკაცრდა ჩამოსვლა იტალიიდან. [ჩამოსული ადამიანი] ჯერ კარანტინში თავსდება და შემდგომ გადაწყდება, თუ შეიძლება მისი გაშვება თვითიზოლაციაში. ეს ეხება სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებსაც“, – თქვა იმნაძემ და დასძინა:

„სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა გაამკაცრებს ზომებს იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც არღვევს თვითიზოლაციის წესებს. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, სიტუაცია მართვადია ქვეყანაში“, – აღნიშნავს იგი.

გარდა ამისა, იმნაძის თანახმად, იმ 15 მოქალაქიდან ერთ-ერთი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ესპანეთიდან იყო ჩამოსული და, ასე ვთქვათ, ვირუსი ესპანეთიდან ჰქონდა „იმპორტირებული“:

„ესპანეთიდანაა იმპორტირებული ეს შემთხვევა და ამიტომ, ჩვენ დღეს უკვე მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს [სიფრთხილისკენ]“, – განაცხადა მან.

იმნაძემ სიფრთხილისკენ მოუწოდა მოქალაქეებს, ვინც გერმანიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან ბრუნდება:

„მართალია, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ვირუსი ჯერ არ არის ძალიან ფართოდ გავრცელებული, მაგრამ სანამ ოფიციალური ღონისძიებები ჩატარდება, — როგორც უკვე ტარდება იტალიიდან ჩამოსულ ან სხვა მაღალი რისკის ქვეყნების შემთხვევაში — მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ მოვუწოდო ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ ჩვენს თანამოქალაქეებს“.

მისი თმქმით, სასურველი იქნება, მათ თვითიზოლაციის რეჟიმი გამოიყენონ და „რაკი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა არ მუშაობს, მოუფრთხილდნენ თავიანთ დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს“.


საქართველოში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 15 შემთხვევაზეა ცნობილი.

მსოფლიოს მასშტაბით – 110 000-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი