ახალი ამბები

ბევრი მოქალაქე თავს არიდებს კარანტინს – მინისტრის მოადგილე

9 მარტი, 2020 • 1300
ბევრი მოქალაქე თავს არიდებს კარანტინს – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ბევრი ადამიანი კვლავ ცდილობს, თავი აარიდოს საკარანტინო სირვცეში მოთავსებას და მოქალაქეებს მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამის გამო პერსონალს უწევს, მათი კარანტინში მოთავსებისთვის დიდი ძალისხმევა გასწიოს.

განუნიამ მოქალაქეებს მოუწოდა, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ: „მინდა ვთხოვო ყველა მოქალაქეს გამოიჩინოს მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს ამ მიმართულებით, როგორც თვითიზოლაციაში დარჩენის და რეჟიმის დაცვის კუთხით, ასევე საკარანტინე სივრცეებში მათი განთავსების შემთხვევაში“.

„დღეს ძალიან საყურადღებოა იტალიიდან ჯგუფის მოსალოდნელი გადმოყვანისთვის მომზადება. ამ თვალსაზრისითაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა შეიქმნას საკმარისი საკარანტინო ადგილები“, – განაცხადა მან.

გაბუნიას თქმითვე, „იტალიაში რისკი მაღალია და ამდენად ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იქ იმყოფებოდა და ახლა დაბრუნდება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საჭიროებს შესაფერის მეთვალყურეობას, იზოლაციას და თავდაპირველად საკარანტინე სივრცეში განთავსებასაც“.


კორონავირუსით მსოფლიოში ამჟამად დაახლოებით 110 000 ადამიანია დაავადებული. 3800-მდე გარდაცვლილია.

საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი