ახალი ამბები

ომბუდსმენი: აგვისტოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის ნაწილის უფლებები დაცული არაა

7 აგვისტო, 2015 • • 1421
ომბუდსმენი: აგვისტოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის ნაწილის უფლებები დაცული არაა

ომბუდსმენი აცხადებს, რომ მან წინადადებით უკვე მიმართა დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარეებს

ომბუდსმენი აცხადებს, რომ შიდა ქართლის ბევრ სოფელში მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი კვლავ არ მიეწოდება.

 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, წყალი მიკრობიოლოგიურად არის დაბინძურებული კასპის რაიონის სოფელ ხვითში, სადაც 2014 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აშენდა წყლის ახალი რეზერვუარი.

 

დამოუკიდებელმა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ რეზერვუარის ფსკერისა და კედლების ბეტონის საფარი დარღვეულია, ჭა არ იკეტება ჰერმეტულად და ნალექის დროს მასში ზედაპირული ჩამონადენი ხვდება.

 

ომბუდსმენი აცხადებს, რომ მწვავედ დგას საკუთრებისა და სათანადო საცხოვრებლის უფლების საკითხი, განსაკუთრებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში, რომელიც 2012 წლამდე ოკუპირებული იყო, დღმდე არ მომხდარა ომის შემდეგ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია და მოსახლეობა დღემდე ვერ ახერხებს მუდმივად სოფელში დაბრუნებას.

 

გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთი სოფლის მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს უსაფრთხოების საკითხი, რაც გამოიხატება შეზღუდულ მობილურ კავშირში და პოლიციის საგუშაგოების ნაკლებობაში, რაც მათი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს, აცხადებს ომბუდსმენი.

 

ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოს ხელისუფლებას აღებული აქვს ვალდებულება, დაიცვას სათანადო რესურსების არმქონე პირთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, მიმართოს შესაბამისი ძალისხმევა ამ უფლებების პრაქტიკული რეალიზაციისკენ, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს სახელმწიფოში სოციალურ თანასწორობას.

უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი
უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

მასალების გადაბეჭდვის წესი