ახალი ამბები

მეუფე გრიგოლი: ხატი იწმინდება ვარდის წყალში დასველებული ჩვრით

8 მარტი, 2020 • 1394
მეუფე გრიგოლი: ხატი იწმინდება ვარდის წყალში დასველებული ჩვრით

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო თუ დღის წესრიგში დადგება ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

“ხატთან ამბორისთვის რომ მიდის ადამიანი, მცირე შუალედში შემდეგ მიდის საგანგებოდ დადგენილი პერსონა და ხატს წმენდს ვარდის წყალში დასველებული ჩვრით. ჩვენ გვაქვს სკოლა, ასევე არის უნივერსიტეტი ფოთში, სადაც გუშინ ჩატარდა დეზინფექცია. თუ დადგა დეზინფექციის ჩატარება დღის წესრიგში, მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – უთხრა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებს.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა კი თქვა, რომ ეკლესიას არ აქვს სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებელი სახსრები და გამოცდილება.

“ვირუსის დამარცხება არის დაკავშირებული დიდ თანხებთან. დააავდების პრევენცია კიდევ უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და პანიკასთან ბრძოლა კიდევ უფრო დიდ თანხებთან. მოგიწოდებთ ყველას, ნუ შეგვეპარება ეჭვი ერთმანეთის ადეკვატურობაში. ეკლესიამ რომ დეზინფექცია ჩაატაროს, მას უნდა დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტრო”, – უთხრა ჟურნალისტებს სასულიერო პირმა.

საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დარეგისტრირებული. მსოფლიოში კი ვირუსი 90-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 103 ათასს აჭარბებს, დაღუპულების – 3 300-ს.

დაავადების პრევენციისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებენ, დაიცვან პირადი ჰიგიენა და საზოგადოებრივი ჰიგიენა. გარდა ამისა, სადეზინფექციოდ გამოიყენება სპეციალური სამედიცინო-ჰიგიენური ხსნარები და სამედიცინო სპირტი. რეკომენდაციებში არ არის მითითებული, რომ რომელიმე მცენარის ნაყენით გაწმენდა კორონავირუსს ანადგურებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი