ახალი ამბები

“დემოკრატია რთული საქმეა, თუმცა ამად ღირს” – კინზინგერი შეთანხმებაზე

8 მარტი, 2020 • 2107
“დემოკრატია რთული საქმეა, თუმცა ამად ღირს” – კინზინგერი შეთანხმებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მიღწეულ შეთანხმებას ტვიტერზე მისალოცი ტექსტით ეხმაურება.

“ჩემი გულწრფელი მილოცვა ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმების მიღწევისთვის. დემოკრატია რთული საქმეა, თუმცა ამად ღირს. სპიკერი თალაკვაძე და სხვებიც იმსახურებენ პატივისცემას გაწეული შრომისთვის. ვრცელი განცხადება მოგვიანებით გამოქვეყნდება”, – წერს კინზინგერი ტვიტერზე.

კინზინგერი იყო იმ ამერიკელ კონგრესმენებს შორის, რომლებიც “ქართულ ოცნებას” ბოლო პერიოდში ხშირად აფრთხილებდნენ მოსალოდნელ გართულებებზე, თუ ისინი ვერ მიაღწევდნენ შეთანხმებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე.

ოპოზიციამ და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ მათ შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიციის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად:

  1. ციხეებიდან გათავისუფლდებიან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები;
  2. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით;
  3. პარლამენტში მოსახვედრი ბარიერი დაიწევს 1%-მდე.

მემორანდუმი – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი