ახალი ამბები

კინზინგერი: რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება

3 მარტი, 2020 • 3441
კინზინგერი: რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე გამოსავალს იპოვნიან.

“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში კინზინგერი ამბობს, რომ თუ ვერ იხილავთ პროგრესს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო, აშშ-ში შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

“ვფიქრობ, ის, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ [შეერთებულ შტატებში] გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად”, – განაცხადა კინზინგერმა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა, რომ განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარეზე გარკვეულ დათმობაზე წასვლაა.

“ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს”, – აღნიშნა კონგრესმენმა.

ადამ კინზინგერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ “გამოიყენოს სასამართლო სისტემა, სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის”. კონგრესმენი მიიჩნევს, რომ ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი ნაბიჯი ყველას გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან.

“არსებული სიტუაცია დღეს საქართველოსთვის კარგი არაა, არავისთვის არაა კარგი, განსაკუთრებით მთავრობისთვის”, – აღნიშნავს კინზინგერი.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის აზრით, საქართველოს დემოკრატია საფრთხეში არა, შემაშფოთებელ ეტაპზეა და მოლაპარაკებების დასრულების, ასევე, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფრო ნათელი გახდება, საით მიდის ქვეყანა.

“არშემდგარი სახელმწიფოსგან შორს ვართ, მაგრამ, შეშფოთება არსებობს. ქართველ ხალხს და ყველას, ვინც კი როლს თამაშობს, მთავრობის ლიდერები იქნება თუ ოპოზიცია, ნათლად უნდა ესმოდეს, თუ ეს წარუმატებლად დასრულდება და საქართველოს გრძელვადიანად უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის”, – აღნიშნა კინზინგერმა.

“ქართული ოცნების” რიგი წარმომადგენლების გამოხმაურებების საპასუხოდ, რომელიც პოლიტიკის განსაზღვრაში კონგრესის ნაკლებ მნიშვნელობას ეხებოდა, კინზინგერი ამბობს, რომ თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ცდება და აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციაც იგივეა.

“შეერთებული შტატები ძალზედ განსხვავდება, მაგალითად საქართველოსგან, და აქ ძალაუფლება ერთ შტოში არ არის კონცენტრირებული. კონგრესს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისევე როგორც პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან ვნახე ეს შეფასებები ქართულ ადგილობრივ მედიაში. პრეზიდენტს და კონგრესს ერთი პოზიცია აქვს. ჩვენ ერთად ვმოქმედებთ. თუ გეტყვიან, რომ კონგრესი და პრეზიდენტი სხვადასხვა აზრზეა, ეს მცდარი იქნება. არც ისაა მართალი, რომ ჩვენ ინტერესი დავკარგეთ. ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ”, – განაცხადა ადამ კინზინგერმა და დასძინა, რომ “ადმინისტრაციისგან უფრო მეტ ნაბიჯს ვიხილავთ”.

“თუმცა გახსოვდეთ, ჩვენი საქმე, იქნება კონგრესი თუ ადმინისტრაცია, არაა ის, რომ საქართველოს მთავრობას ვუბრძანოთ ამ პრობლემის გადაწყვეტა ქართველი ხალხისთვის. ჩვენი საქმე არაა საქართველოს მთავრობის ისეთად გადაქცევა როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვაჩვენოთ ქართველ ხალხს, მთავრობას და ოპოზიციას თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებების გვერდზე გადადება, უფრო დიდი მიზნისთვის, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური. თუ არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თუ დემოკრატია მარცხს განიცდის, ეს არავის სარგებელს არ მოუტანს, რუსეთს გარდა. ჩვენი როლი გამოსავლის პოვნაა, და არა ისეთი გამოსავლისა როგორიც ჩვენ გვინდა”, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ კონგრესმენები შეცდომაში არიან შეყვანილი ოპოზიციის მიმართ, კინზიგერი ამბობს, რომ ოთხჯერ უფრო მეტჯერ ხვდება  მთავრობას და უსმენს მათ.

“უფრო მეტი მესმის მათგან, ვიდრე ოპოზიციისგან. საქმე არა ოპოზიციის მესიჯებში, არამედ ჩვენს შეშფოთებაშია. წერილით ჩვენ საქართველოს მთავრობას, და არა მარტო მათ, არამედ ქართველ ხალხსაც ვეუბნებით, რომ ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით. და თუ ჩვენთან პარტნიორობა გსურთ, რაც ჩვენ ძალიან გვინდა, საჭიროა გარკვეული პირობების და წესების შესრულება. და ეს ჩვენს ინტერესს აჩვენებს. ის რომ ოპოზიცია ლობირებს, საერთოდ არაფერ შუაშია. ჩვენ აქედან ვაკვირდებით შიგნით მიმდინარე პროცესებს და ჩვენი პერსპექტივიდან ვაფასებთ მას, და იკვეთება შემაშფოთებელი ვითარება”, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი