ახალი ამბები

გადაუვადდება თუ არა ტურიზმის ინდუსტრიას გადასახადები

6 მარტი, 2020 • 1662
გადაუვადდება თუ არა ტურიზმის ინდუსტრიას გადასახადები

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემები გააცნეს. სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვირუსის გამო ჯავშნები უქმდება, რის გამოც სახელმწიფოს შემოსავლებისა და ქონების გადასახადის გადავადებას სთხოვენ.

“აჭარა ჯგუფის” დირექტორი ვალერი ჩეხერიას თმით, თუ აპრილამდე ასე გაგრძელდა, უშუალოდ მისი კომპანიის შემთხვევაში ზარალი 2 მილიონ ლარს მიაღწევს. ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროების ქსელს “რუმსს”, “ჰოლიდეი ინსა” და სასტუმრო “სტამბას” ფლობს.

“ბოლო ერთი კვირა ეს ვითარება ძალიან დაგვეტყო, ჯავშნები უქმდება…. საუბარი მაქვს მარტისა და აპრილის პერიოდზე. საკონფერენციო ღონისძიებები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვიკვეთანდნენ, გაუქმდა. დაახლოებით 2 მლნ ლარამდე ზარალს ველოდებით. ამ ეტაპზე ჯავშნების გაუქმების შემთხვევები აპრილის ჩათვლით გვაქვს,”-ამბობს ჩეხერია.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი, რომელიც რამდენიმე სასტუმროს მენეჯერია, მთავრობას სთხოვს გადასახადები ორი თვით გადაუვადონ:

“იმედი გვაქვს მაისიდან ვითარება გამოსწორდება. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა სუბსიდირებას ან გადასახადების არ გადახდას არ ნიშნავს. ჩვენი წუხილი გაიგეს, მოინიშნეს. იმედი გვაქვს რომ ეკონომიკურ გუნდში ჩვენს თემებს გაივლიან და ჩვენთვის დადებითი შედეგიც იქნება.”

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტურიზმის ინდუსტრიის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო, თუმცა გადაუვადებს თუ არა სახელმწიფო გადასახადებს ჯერ უცნობია. მინისტრი მიიჩნევს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მსგავსი საკითხი ვერ გადაწყდებოდა და ამაზე მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იმსჯელოს. ასევე უცნობია როდის მიიღებს მთავრობა სახელმწიფო/ადგილობრივი გადასახადების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას.

“მოვისმინეთ პრობლემები რაც ჯავშნების ნაწილის გაუქმების, ზოგი კი გადავადების გამო წარმოიშვა. ამის გამო დროებითი ფინანსური პრობლემა შეექმნა დარგს. ეს ისეთი საკითხებია [გადასახადების გადავადება], რომელზეც დეტალურად ეკონომიკურ გუნდში ვიმსჯელებთ, რადგან ეს მარტივი თემები ნამდვლად არ არის. ჩვენთვის, სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინდუსტრია თავს კარგად გრძნობდეს, რადგან დღეს ის ბევრ ადამიანს ასაქმებს. ამასთან, ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტის 8%-ს ქმნის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია რომ უამრავ ადამიანს ასაქმებს განსაკუთრებით მცირე სასტუმროები რეგიონებში. აქედან გამომდინარე, სერიოზულად ვიმსჯელებთ კიდევ რითი დავეხმაროთ სექტორს,”-აცხადებს თურნავა.

კორონავირუსის ფონზე სასტუმროებში ჯავშნები შემცირდა – ინდუსტრია დახმარებას ითხოვს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი