ახალი ამბები

ფოთში შესული გემის ეკიპაჟს ხმელეთთან კავშირი აეკრძალა – „კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ“

6 მარტი, 2020 • 1580
ფოთში შესული გემის ეკიპაჟს ხმელეთთან კავშირი აეკრძალა – „კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ“

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანახმად, ფოთში 6 მარტის დილას შევიდა გემი, რომელზეც ერთ-ერთ მეზღვაურს მაღალი ტემპერატურა აქვს, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები არ უდასტურდება;

უწყების თანახმადვე, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, მასაც და ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრსაც ხმელეთთან კავშირი აეკრძალათ.

„ნეტაგზეთი“ გთავაზობთ სააგენტოს განმარტებას:

„6 მარტს, ფოთის ნავსადგურში, დილის საათებში შემოვიდა მშრალტვირთმზიდი თ/მ ‘’IBERIAN BULKER”, მცურავი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ. გემმა 14 თებერვალს დატოვა ტუნისის ნავსადგური ბიზერტა.

COVID-19 კორონავირუსთან დაკავშირებით, ნავსადგურში გამკაცრებული წესების შესაბამისად, ნავსადგურში შემოსვლამდე 48 საათით ადრე, კაპიტნის მიერ განხორციელდა ინფორმაციის მიწოდება ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთ მეზღვაურს 05 თებერვლიდან აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. მეზღვაური 2019 წლის 22 ივნისიდან იმყოფება გემზე.

აღნიშნულ მეზღვაურს, წინა ნავსადგურის დატოვების დროსაც ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ იქნა დადასტურებული.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაცია წინასწარ იქნა დამუშავებული, შესაბამისად ყველა შესაბამისმა უწყებამ მოახდინა კოორდინირება.

დილის 10:10 საათზე საჭირო ეკიპირებით გემზე ავიდა საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური სამსახურის ექიმი, რომელმაც გასინჯა მეზღვაური.

ექიმის განმარტებით სიმპტომები არ იძლევა ახალი კორონავირუსის დიაგნოზის დასმის საშუალებას. პაციენტს დაენიშნა მკურნალობა და აეკრძალა ხმელეთთან კავშირი.

სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ასევე ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრს.

მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ, ეკიპაჟის ყველა წევრს აეკრძალა ნაპირთან კავშირი, შესაბამისად გემის ეკიპაჟის არც ერთ წევრს არ დაუტოვებია გემი“.

ამ დროისთვის [6 მარტი, 18:00 საათი] საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსზე ბოლოზე სიახლეები იხილეთ აქ

მასალების გადაბეჭდვის წესი