ახალი ამბები

კონფლიქტებმა ყოველდღიური სახე მიიღო, ვითარება საგანგაშოა – აჭარა ტვ-ის პროფკავშირი

6 მარტი, 2020 • 1041
კონფლიქტებმა ყოველდღიური სახე მიიღო, ვითარება საგანგაშოა – აჭარა ტვ-ის პროფკავშირი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება აცხადებს, რომ მაუწყებელში ვითარება საგანგაშო და უკიდურესად დაძაბულია: „ყოველდღიური ხასიათი მიიღო ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილ პირებსა და ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტმა“.

პროფკავშირები შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას მაუწყებლის ხელმძღვანელობას აკისრებს.

„მმართველთა საბჭოზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით, ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დაინიშნა, მაუწყებელში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა“, – წერია 6 მარტის განცხადებაში.

„ამ მომენტში, აუცილებლობად მიგვაჩნია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ კონფლიქტური სიტუაციების გაღვივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ სიტყვიერი და სხვა სახის შეურაცხყოფა, შესაძლოა, გადაიზარდოს უმართავ და უკონტროლო პროცესებში“, – წერს პროფკავშირი.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ და ყოველდღიურად საკუთარ თავზე ვცდით, თუ როგორ ნეგატიურად აისახება აჭარის მაუწყებელში არსებული ვითარება თანამშრომელთა ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე. ვითარება ხელს უწყობს და ახალისებს ჩვენს დემორალიზებას და ფაქტობრივად, აფერხებს პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელმძღვანელობას და პროცესში ჩართულ პირებს – გამონახონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი სიტუაციის განმუხტვისთვის და მოამზადონ ნიადაგი მედიაციისთვის“.

„იმედს ვიტოვებთ, რომ მაუწყებლის არცერთი თანამშრომლის ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე და მენეჯმენტი უზრუნველყოფს მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნას. საზოგადოერივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალერნატიულ პროფესიულ გაერთიანებას, ვითარების დროებით დასტაბილურების საუკეთესო გზად, მიგვაჩნია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ჩართულობა მიმდინარე პროცესში“, – წერენ ისინი.


თითქმის ერთი წელია საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.

ეტალებისთვის გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/257977/

მასალების გადაბეჭდვის წესი