ახალი ამბები

ახალი რეგულაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შესაცვლელად

5 აგვისტო, 2015 • • 2355
ახალი რეგულაციები სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შესაცვლელად

იუსტიციის სამინისტროში მომზადდა ინსტრუქცია, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების წესები და პროცედურები; დაკონკრეტდა განაცხადის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები. სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია თითოეულ განცხადებას ინდივიდუალურად, 10 დღის ვადაში იხილავს  და შესაბამის დასკვნას ოქმის სახით აფორმებს. კომისიის ოქმის საფუძველზე მომდევნო 5 დღის ვადაში სააგენტოს თავმჯდომარე იღებს საბოლოო გადაწყვეტილების.

 

ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე, არ არსებობდა რეგულაციები და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მოქალაქის განაცხადის საფუძველზე შეფასების გარეშე ხდებოდა;

 

ინსტრუქციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო მიზნობრივი ფუნქციით შეცვლის მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დაადასტურებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი ფუნქციის შეცვლის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საჭიროებას.

 

მიზნობრივი დანიშნულება შეეცვლება ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც კონკრეტული კერძო და საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად იქნება მიზანშეწონილი.

 

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ახალი რეგულაციების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მაქსიმალურად მიზნობრივად და რაციონალურად გამოყენებას და ათვისებას.  მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრატეგია და თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნები უშუალოდ იმ ნაკვეთთან მიმართებაში, რომელზეც მოთხოვნილია ცვლილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი