ახალი ამბები

შესაძლოა, კორონავირუსის გამო ზოგი პროექტის განხორციელება შეყოვნდეს – ცქიტიშვილი

6 მარტი, 2020 • 1013
შესაძლოა, კორონავირუსის გამო ზოგი პროექტის განხორციელება შეყოვნდეს – ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჩინური კომპანიებისგან, რომლებიც საქართველოში არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ, მიიღეს შეტყობინება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მათ თანამშრომლები ვერ ჩამოდიან. შესაბამისად, შესაძლოა, ზოგი პროექტის განხორციელება შეყოვნდეს.

„რაც შეეხება შესაძლო რისკებს ამ კონტრაქტების დასრულების ნაწილში, სამწუხაროდ, ამ ეტაპზეც კორონავირუსის ეპიდემიის გამო რვავე ჩინური კომპანიიდან მივიღეთ ფორს-მაჟორის შეტყობინებები, რომლის ფარგლებშიც ისინი გვატყობინებენ, რომ მათი სპეციალისტები ვერ შეძლებდნენ ჩამოსვლას. ეს არის, დაახლოებით, 500 ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პროექტზე არის გადანაწილებული და ძირითადად, არის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, რომელიც, მათ შორის, ხელმძღვანელობს ამა თუ იმ მონაკვეთზე სამუშაოების შესრულებას“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში.

თუმცა, ცქიტიშვილმა დასძინა, რომ „პოზიტიურად არიან განწყობილნი ზოგადად კორონავირუსის ეპიდემიის დამარცხების თვალსაზრისით მთელს მსოფლიოში და იმედი აქვთ, რომ პროექტებიც არ გაჩერდება“.

ციქტიშვილის განცხადებით, უცხოური კონტრაქტორების პროექტებში მუშახელის 80% ქართველია.


კორონავირუსით მსოფლიოში, დაახლოებით, 100 ათასამდე ადამიანი დაავადდა. დაახლოებით 3 300 გარდაიცვალა. საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსისგან თავის დასცავად მთავარ რეკომენდაციას საზღვარგარეთ, ვირუსის გავრცლეების ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავება და პირადი ჰიგიენის დაცვაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი