მაგალითისათვის, დევნილ ოჯახს, რომლის განაცხადი სახლის შესყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი ფართის შერჩევისათვის ეძლეოდა 1-თვიანი ვადა, რაც პრაქტიკიდან გამომდინარე, საკმარისი არ არის. გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ვადა გაიზარდოს 3 თვემდე. აღნიშნული რეკომენდაცია სამინისტრომ გაითვალისწინა.
იმ შემთხვევაში, თუ ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებული დევნილი ოჯახები, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადს შეავსებენ საქართველოს რომელიმე რეგიონში (გარდა თბილისისა) დამატებით ენიჭებათ 2 ქულა. „საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწის“ საექსპერტო ჯგუფის მუშაობისას გამოითქვა რეკომენდაცია, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ადგილი დამატებითი ქულების მიღების შესაძლებლობას არ უნდა ქმნიდეს, რადგან ეს შესაძლოა იწვევდეს რეგიონებში მცხოვრები პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას.
სამინისტრომ არ გაითვალისწინა აღნიშნული რეკომენდაცია, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფო პოლიტიკასთან – წახალისდეს დევნილი მოსახლეობის რეგიონებში განსახლება.
„პრივატიზაციის პროცესის მონიტორინგის“ საექსპერტო ჯგუფის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაცია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, მურად აბლოთიამ წარადგინა.
ჯგუფის წევრების მიერ იდენტიფიცირდა პრივატიზაციის პროცესში არსებული ხარვეზები და მათ გამოსწორებასთან დაკავშირებით შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი სამინისტრომ გაითვალისწინა.
მაგალითისათვის, ზოგიერთ შემთხვევაში, საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებლის ფართობი არასწორად არის დაფიქსირებული – (მაგალითად, დევნილს საკუთრებაში მიღებული აქვს 40.00 კვ.მ. ხოლო რეალურად არის 85.00 კვ.მ.);
ხარვეზის გამოსასწორებლად, პირველ რიგში, საჭიროა დაინტერესებული დევნილის მომართვა სამინისტროსადმი, რის შემდეგაც, სამინისტრომ უნდა შეისწავლოს არსებული პრობლემა, შეადგინოს აზომვითი ნახაზები და დოკუმენტაცია მოწესრიგოს. შემდგომ ეტაპზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მზადება შესაბამისი შუამდგომლობა, რათა საკითხი მთავრობის სხდომაზე გავიდეს.
რაც შეეხება საერთო სარგებლობის ფართების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში, შემუშავდა მემორანდუმი, რომელიც სამინისტროს, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდება.
„პრივატიზაციის პროცესის მონიტორინგის“ საექსპერტო ჯგუფის მუშაობის ვადა 3 თვით გახანგრძლივდება. სწორედ ამ ვადაში პრივატიზაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის საბოლოო მექანიზმი უნდა შეთანხმდეს.
შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნონა ქურდოვანიძემ სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისათვის, ღია და გამჭვირვალე მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები -გრიგოლ გიორგაძე, გვანცა შენგელია, შოთა რეხვიაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
ასევე, საექსპერტო ჯგუფების მუშაობის პროცესში ჩართულები არიან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, FAO-ს, დანიის ლტოლვილთა საბჭოს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის, სახალხო დამცველის აპარატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.