ახალი ამბები

გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად

5 მარტი, 2020 • 1354
გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს, 5 მარტს თქვა, რომ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა შეამციროს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი.

“საერთაშორისო საფინანსო ისნტიტუტები სერიოზულად აფასებენ ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების  სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, კორონავირუსს მცირედი ზეგავლენა უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან.

კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც მთავრობის ხელშია როგორც მონეტარული, ისე ფისკალური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ გლობალური გამოწვევების წინაშე შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, გვესმის, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური გავლენა”, – თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად იმუშავებს, რათა ეს ზიანი მინიმუმამდე შემცირეს. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უახლოეს დღეებში შეხვდება ტურიზმისა და იმ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების გამო ყველაზე მეტად ზიანდებიან.

გახარიამ ასევე ამადლობა გადაუხადა ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს, რომლებსაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენასა და მკურნალობაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ.

კორონავირუსის გავრცლეების გამო დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვით გამოწვეულ ზიანზე უკვე საუბრობენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. მათი თქმით, ამ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებისა და სასტუმროების ნაწილი დახურვის საფრთხის წიაშე დგას, რის გამოც ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

კორონავირუსის ფონზე სასტუმროებში ჯავშნები შემცირდა – ინდუსტრია დახმარებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი