ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Freedom House-ის ანგარიშში აფხაზეთის რეიტინგიც გაუარესდა

5 მარტი, 2020 • 1694
Freedom House-ის ანგარიშში აფხაზეთის რეიტინგიც გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ახალი პუბლიკაციის („თავისუფლება მსოფლიოში 2020“) თანახმად, აფხაზეთის რეიტინგი შარშანდელთან შედარებით ერთი მაჩვენებლით შემცირდა და შესაძლებელი 100-დან 40 ქულა დააგროვა.

0 ქულა „ყველაზე არათავისუფალს“ შეესაბამება, 100 ქულა – „ყველაზე თავისუფალს“. აფხაზეთს 2019 და 2018 წლებში 41 ქულა ჰქონდა.

ანგარიში 4 მარტს გამოქვეყნდა. საქართველოს ამავე ანგარიშით, შარშანდელზე ორით ნაკლები, 61 ქულა აქვს.

მართალია, აფხაზეთის მიმოხილვა ცალკეა გამოყოფილი, თუმცა მითითებულია, რომ საუბარია „ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო“.

ჩვეულებრივ, „ფრიდომ ჰაუსი“ ტერიტორიებზე თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“. აფხაზეთი „ნაწილობრივ თავისუფლად“ არის მოხსენიებული.

ანგარიშის წლევანდელი მეთოდოლოგიის თანახმად, ორგანიზაცია ორი კატეგორიით აფასებს  თავისუფლების დონეს — პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს — 60.

პოლიტიკურ უფლებებში აფხაზეთს 17/40 ქულა უწერია, სამოქალაქო უფლებების ნაწილში — 23/60.

დეტალური დასაბუთება, თუ რა მოვლენების გამო მოხდა ორი ქულის ჩამოკლება და რა მოვლენები შევიდა ანგარიშში, ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი