ახალი ამბები

იტალიაში სკოლებს მარტის შუა რიცხვებამდე ხურავენ | კორონავირუსი

4 მარტი, 2020 • 1640
იტალიაში სკოლებს მარტის შუა რიცხვებამდე ხურავენ | კორონავირუსი

„ვაშინგტონ პოსტი“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის Covid 19-ის შეკავებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი მარტის შუა რიცხვებამდე შეწყდა.

CNBC-ის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილებაა მიღებული იტალიის უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც. კორონავირუსი, აზიის კონტინენტის ქვეყნების შემდეგ, ყველაზე მეტად იტალიას შეეხო.

სამშაბათს იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია. რაც შეეხება დაინფიცირებულთა რაოდენობას – ბოლო მონაცემებით, 2502 ადამიანია დაინფიცირებული.


საქართველომ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, იტალიასთან (და ირანთან) საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები 28 თებერვლიდან შეაჩერა.


კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი იტალიიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, ეძლევათ რჩევა, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი