ახალი ამბები

იტალიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

4 მარტი, 2020 • 1179
იტალიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე, რის შემდეგაც საკონსულო იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და მოქალაქე რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი.

“მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან”, – ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება საქართველოში დაფიქსირებულ შემთხვევებს, კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სტაბილურია და მათ რაიმე გართულებები არ აღენიშნებათ. კარანტინში კი ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი