ახალი ამბები

იტალიიდან ჩამოსულებს ეძლევათ რჩევა, თვითიზოლაციაში იყვნენ – გამყრელიძე

28 თებერვალი, 2020 • 1238
იტალიიდან ჩამოსულებს ეძლევათ რჩევა, თვითიზოლაციაში იყვნენ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი იტალიიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, ეძლევათ რჩევა, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ.

საუბარია მათზე, ვისაც საზღვარზე სიმპტომები არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხებათ სიმპტომების მქონეებს — ისინი შემოწმებაზე მიჰყავთ.

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი, რიგით მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა და ის ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდა.

ამ ინფორმაციისა და ამ დროისთვის ცნობილი დეტალების ჟურნალისტებისთვის გაცნობის შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა: „მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებაში ადგილი აქვს გარკვეულ დისკრიმინაციულ [მოპრყრობას] იტალიაში ნამოგზაურები ბავშვებთან და მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით და ეს დაუშვებელია“.

გამყრელიძის თქმით, „დაუშვებელია, რომ სადმე გვქონდეს მსგავსი მასტიგმატიზირებელი ან დისკრიმინაციული მიდგომა ადამიანებთან, ვისაც იტალიაში, სინგაპურში, კორეაში თუ სხვაგან მოგზაურობის ისტორია აქვს“.

გამყრელიძემ თქვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებს ახლა არ დაასახელებს.

NCDC-ის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა ამ ეტაპზე არ იძლევიან რეკომენდაციას სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით: „ვიძლევით მხოლოდ რეკომენდაციას, მაქსიმალურად გავაინტენსიუროთ საზოგადოებრივი ჰიგიენის საკითხები ამ დაწესებულებებში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი