ახალი ამბები

რიგების შესამცირებლად ზოგიერთი ფილიალი 08:30 გაიხსნება – ლიბერთი ბანკი

4 მარტი, 2020 • 1491
რიგების შესამცირებლად ზოგიერთი ფილიალი 08:30 გაიხსნება – ლიბერთი ბანკი

კორონავირუსთან დაკავშირებით “ლიბერთი ბანკი” საპრევენციო ღონისძიებების გატარებას აპირებს.

ბანკის ინფორმაციით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში მდებარე სერვის ცენტრები სპეციალური აღჭურვილობით მომარაგდა.

საუბარია პირბადეებზე, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანებსა და ხელის სადეზინფექციო სპეციალური სითხეებზე. ამასთან, განისაზღვრა ყველაზე დატვირთული 111 სერვის ცენტრი, სადაც რიგების შემცირების მიზნით მუშაობა 10:00 საათის ნაცვლად  08:30 საათიდან დაიწყება. ბანკში ასევე აცხადებენ, რომ ამ ლოკაციებზე დამატებით გაიგზავნა საჭირო რაოდენობის ლიბერთის მობილბანკები (ელიქსები).

“უახლოეს დღეებში, სერვის ცენტრებში სივრცეების დეზინფექციის მიზნით, ბანკი უზრუნველყოფს რეგულარულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად

მომარაგდა სადეზინფექციო ხსნარის შემცველი დისპენსერები და დამონტაჟდება აეროპორტებთან და პორტებთან მდებარე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 60-ზე მეტ სერვის ცენტრში. დისპენსერების გამოყენებას შეძლებენ როგორც ლიბერთის თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტიკული ლოკაციები ასევე მიიღებენ სადეზინფექციო, ჰიგიენური საშუალებებით, ხელთათმანებისა და პირბადეების მარაგს.

2 მარტიდან, დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, დაჩქარებული წესით დაინერგა ახალი დისტანციური სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე”. აღნიშნული სერვისით სარგებლობა მომხმარებელს უკვე ბანკომატიდან შეუძლია, რამაც საგრძნობლად განტვირთა ბანკის ქსელი რიგებისგან,”-აცხადებენ “ლიბერთი ბანკში.

ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გუშინდელი განცხადების შემდეგ მიიღო. ამირან გამყრელიძემ ლიბერთი ბანკს მოუწოდა, რომ მიიღოს გარკვეული ზომები პენსიონერებისთვის რიგების შემცირების კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი