ახალი ამბები

“მისივე სიტყვებით ჟღალი მასლაათია“ – კორძაია თალაკვაძის განცხადებაზე

3 მარტი, 2020 • 1473
“მისივე სიტყვებით ჟღალი მასლაათია“ – კორძაია თალაკვაძის განცხადებაზე

თამარ კორძაიას, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არჩილ თალაკვაძის მიერ ოპოზიციის მიმართ გაკეთებული განცხადებები „მისივე სიტყვებით ჟღალი მასლაათია“. კორძაიამ ეს „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა.

„ოპოზიციასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, მისივე სიტყვებით რომ შევაფასოთ, ეს არის ჟღალი მასლაათი, რადგან არასოდეს ოპოზიციური პარტიები ისეთი ერთიანები არ ყოფილან პოზიციებში, როგორც დღეს არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რესპუბლიკური პარტია პრორუსულ პარტიებთან ერთად ზის, იმიტომ რომ საარჩევნო სისტემა არის გზა, რომლითაც ეს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება“, – აღნიშნა კორძაიამ.

“ჟღალი მასლაათი” ჟარგონზე “რიჟა ბაზარს” ნიშნავს. “ჟღალი მასლაათი” – ეს ტერმინი რ2-ის ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გამოიყენა არჩილ თალაკვაძემ.

კორძაიამ ამგვარად უპასუხა არჩილ თალაკვაძეს, რომელიც აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დიალოგის ფარგლებში, “ნაციონალური მოძრაობა” და “მისი განაყოფი” ცდილობს “ტყვეობაში აიყვანოს” ოპოზიციური სპექტრი და ხალხის ინტერესებითა და მანდატებით ვაჭრობს.

“რასაც ოპოზიციის ერთი ნაწილი აკეთებს, ეს ერთი მხრივ, არის ხალხის ინტერესებით და მანდატებით ვაჭრობა. მეორე მხრივ, ზუსტად ეს პოლიტიკური ჯგუფი ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი. მე მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ამას ხედავენ და ეს მოლაპარაკებების პროცესში ჩანს. ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ამ მომენტში რეალურად აფასებენ შეთავაზებებს და პირობებს, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებობს”, – ამბობს თალაკვაძე.

როგორც ცნობილია, მმართველი პარტია აცხადებს, რომ მზადაა საარჩევნო კანონმდებლობაში ასახოს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი, რომელიც არჩევნებში მინიმუმ 40 პროცენტს ვერ მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა საარჩევნო ფორმულამ უნდა უზრუნველყოს ამ პრინციპის დაცვა. მამუკა მდინარაძემ დღეს ორი მოდელი ახსენა 110/40-ზე და 100/50-ზე.

ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ ხმების 40% მაინც უნდა მიიღოს, რაც რიცხვებში 130/20-ზე ფორმულას ნიშნავს, ანუ 130 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 20 – მაჟორიტარულით.

მასალების გადაბეჭდვის წესი