ახალი ამბები

“საკითხი მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება” – UEFA საქართველო-ბელარუსის მატჩზე

2 მარტი, 2020 • 872
“საკითხი მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება” – UEFA საქართველო-ბელარუსის მატჩზე

კორონავირუსის გამო 26 მარტისთვის ჩანიშნული საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის შესაძლო გადადების შესახებ ევროპის ფეხბურთის ფედერაციების კავშირი – UEFA კომენტარს აკეთებს.

„ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ წერილში ფედერაცია აღნიშნავს, რომ „UEFA კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას ძალიან სერიოზულად აღიქვამს“ და „სიტუაციის მონიტორინგს ანხორციელებს“.

კორონავირუსის გამო ევროპაში გადაიდო საფეხბურთო მატჩები, მათ შორის – იტალიის ჩემპიონატის, სერია A-ს იუვენტუსი-ინტერის დაპირსპირება და ლიგის სხვა ხუთი შეხვედრაც, ხოლო მილანის ინტერმა UEFA-ს ევროპის ლიგის შეხვედრა ლუდოგორეცთან მაყურებლის გარეშე ჩაატარა.  გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გასცა რეკომენდაციები, „დახურულ სივრცეში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები გადაიდოს“ და „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების“ შესახებ.

UEFA-ს სრული კომენტარი:

„UEFA კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას ძალიან სერიოზულად აღიქვავს.

ჩვენ სიტუაციას მონიტორინგს ვუწევთ და კონტაქტში ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან [WHO] და ქვეყნების ხელისუფლებებთან Covid-19-ისა და მის გავრცელებასთან დაკავშირებით.

საკითხი მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება. ამ ეტაპზე სხვა ახალი არაფერია“.

„ნეტგაზეთმა“ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტულ ფედერაციებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე მისცეს, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ჯერ-ჯერობით მატჩის გადადებასთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შეუძლიათ.

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებები უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ხვდებიან ერთმანეთს.

შეხვედრა უნდა გაიმართოს 26 მარტს, 21:00 საათზე თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, ხოლო ამ შეხვედრაში გამარჯვებულმა გუნდმა კიდევ ერთი თამაში უნდა მოიგოს [ჩრდ. მაკედონია-კოსოვოს წყვილის გამარჯვებულთან] და ამის შედეგად გავა ევროპის ჩემპიონატზე. ამჟამად მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი