ნეტგაზეთი | დახურულ სივრცეში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები გადაიდოს – მთავრობის რეკომენდაცია დახურულ სივრცეში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები გადაიდოს – მთავრობის რეკომენდაცია – Netgazeti
RU | GE  

დახურულ სივრცეში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები გადაიდოს – მთავრობის რეკომენდაცია

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 2 მარტს, მორიგი სხდომა გამართა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ რაიმე გართულება არ აღენიშნებათ. ამ ეტაპზე კარანტინში 120 ადამიანი იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებათაშორისმა საბჭომ  მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც, მათ შორის, გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას. აღნიშნული მოიცავს ასევე დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების  დროებით გადადებასაც.

საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სახელმწიფო სერვისებს, ასევე, „საქართველოს რკინიგზა” მატარებლებსა და სადგურებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის დაანგარიშებაზე, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ სხდომაზე უნდა წარუდგინოს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.