ახალი ამბები

კორონავირუსი: პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

2 მარტი, 2020 • 6959
კორონავირუსი: პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

2 მარტის შუადღის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა, 171 კი – შესაძლო.

ვირუსის გავრცელებასთან ერთად მოქალაქეები სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ მასთან დაკავშირებით. დღეს გუგლში სიტყვა “Coronavirus” რომ ჩაწეროთ, საძიებო სისტემა 5 მილიარდამდე შედეგს ამოაგდებს.

„შეიძლება ჩინეთიდან ჩამოსული გზავნილით კორონავირუსი გადამედოს? უნდა გავიკეთო ნიღაბი თავის დასაცავად? რამდენი ხნის შემდეგ კვდება ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე მოხვედრისას?“ – ეს არის ნაწილი იმ კითხვებისა, რომლებზეც პასუხს ინტერნეტის საძიებო პლატფორმებზე ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ეძებს.

ნეტგაზეთი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და საქართველოსა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრებზე დაყრდნობით ეცდება ზოგიერთ თქვენს კითხვაზე პასუხი გასცეს:

რა არის კორონავირუსი?

კორონავირუსები მოიცავს ვირუსთან დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად მსუბუქად მიმდინარე სეზონურ რესპირაციულ დაავადებებს იწვევენ. ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი – არა. მძიმედ მიმდინარე დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (nCoV) გამოწვეული ინფექცია. ახლადაღმოჩენილი ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე დაავადება.

როგორია ახალი კორონავირუსის სიმპტომები?

ჯანმოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) ყველაზე ხშირი სიმპტომები არის სიცხე, დაღლილობა და მშრალი ხველა. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სხეულში ტკივილებიც, ცხვირის დაგუბება, სურდო და დიარეა.

თუმცა, ადამიანთა ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება, დაავადებულთა უმეტესობას (დაახლოებით 80%-ს) არ სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო ჩარევა. 6-დან მხოლოდ 1 ინფიცირებულს აღენიშნება სერიოზული გართულება.

გართულებების რისკ ჯგუფში შედიან მოხუცები და ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, როგორიცაა, მაღალი წნევა, გულის პრობლემები ან დიაბეტი. დღეს არსებული მდგომარეობით, ახალი ტიპის კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ია.

როგორ ვრცელდება კორონავირუსი?

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის – ანუ იმ სითხეებიდან, რომელიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) რისკებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთან კონტაქტები ორი ტიპისაა, ახლო კონტაქტები და სხვა.

კასრაძის თქმით, ახლო ანუ მჭიდრო კონტაქტად ითვლებიან პირები, რომლებსაც ინფიცირებულთან 15 წუთზე მეტი ხნით ჰქონდათ შეხება.

როგორ დავიცვათ თავი ახალი კორონავირუსისგან? მჭირდება ნიღაბი?

ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ჰიგიენის დაცვაა: ხელების ხშირად დაბანა, ხველებისას ან დაცემინებისას პირზე ხელის აფარება.

ამასთანავე, ორგანიზაცია ამბობს, რომ თუ ვინმე თქვენ ირგვლივ ახველებს ან აცემინებს, ეცადეთ, მათთან 1-მეტრიანი დისტანცია დაიჭიროთ, ცხვირი და პირი კი რაიმეთი, თუნდაც, მკლავით ან ნაჭრით, დაიფაროთ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რჩევების მიხედვით, ადამიანებს, რომელბსაც არანაირი რესპირატორული სიმპტომი (როგორიცაა ხველა ან სურდო) არ აღენიშნებათ, ნიღბის ტარება არ სჭირდებათ. პირბადე უნდა ატარონ იმ მოქალაქეებმა, რომელბსაც კორონავირუსის ახალი ტიპის სიმპტომები აღენიშნებათ – მაგალითად, ხველა ან სიცხე, რათა თავად არ გაავრცელონ დაავადება.

ამავე რეკომენდაციის თანახმად, სამედიცინო ნიღბები აუცილებელია მედიკოსებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც დაავადებულებს უვლის სახლში ან სამედიცინო დაწესებულებაში.

ჯანმო საზოგადოებას ურჩევს, აუცილებლობის გარეშე არ გახარჯოს პირბადეების რესურსი.

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც უახლოეს მომავალში ისეთ ქვეყნებში იყვნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა, მათ ჯანმო 14 დღის განმავლობაში სახლში დარჩენას და საკუთარ თავზე დაკვირვებას ურჩევს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დამალონ სიმპტომები საზღვრის გადმოკვეთისას და დაიცვან რეკომენდაციები თვითიზოლაციასთან დაკავშირებით.

გამყრელიძის თქმით, ეს პირველ რიგში ისევ იმ ადამიანების ჯანმრთლობითვისაა საჭირო ვისაც შესაძლოა კორონავირუსული ინფექცია ჰქონდეს, ამასთან თვითიზოლაცია აუცილებელია იმ ადამიანების დასაცავადაც, რომლებიც მათ ირგვლივ იმყოფებიან.

არსებობს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ან მკურნალობა?

ჯერჯერობით არ არსებობს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ან პრეპარატი, რომელიც მას განკურნავდა.ამაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევა.

თუმცა,ინფიცირებულს საჭიროების შემთხვევაში ექიმები სიმპტომების შესამსუბუქებელ მედიკამენტებს აძლევენ.

ჯანმო ამბობს, რომ კორონავირუსს არ კურნავს ე.წ. ტრადიციული მედიცინა (ჰომეოპათია), მოქალაქეებს კი ურჩევს თვითნებურად წამლები (მათ შორის ანტიბიოტიკები) არ მიიღონ.

შეიძლება კორონავირუსი ადამიანს შინაური ცხოველიდან გადაედოს?

ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შინაური ცხოველებისგან ან კომპანიონებისგან, როგორიცაა კატა და ძაღლი, კორონავირუსის გადადება შესაძლებელია.

რამდენი ხანი ცოცხლობს კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე?

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანს ცოცხლობს ახალი ტიპის კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე, თუმცა, ჯანმოს ვარაუდით, ის სხვა კორონავირუსების მსგავსად “იქცევა”.

ეს ნიშნავს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი სხვა ზედაპირზე მხოლოდ რამდენიმე საათს ან დღეს ცოცხლობს, იმის გათვალისწინებით, თუ რა მატერიაზე მოხვდა ის და როგორია იქ ტემპერატურა.

ამასთანავე, არსებობს ვარაუდი, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად კორონავირუსის გავცელებამ იკლოს და ის ჩვეულრბივი გრიპივით „მოიქცეს“ – ანუ მისი სეზონი იწყებოდეს ზამთარის დაწყებასთან ერთად და მთავრდებოდეს გაზაფხულზე. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გამოცემას მეცნიერმა თომას პიტჩმანმა უთხრა, რომ მართალია, ეს ვარაუდი იმედის მომცემია, ის მეცნიერული კვლევით ჯერ არ დაუდასტურებიათ.

უსაფრთხოა უცხოეთიდან გზავნილების მიღება?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ მიუხედავად კორონავირუსის გავრცელებისა, უცხოეთიდან გზავნილების მიღება მაინც უსაფრთხოა.

ჯანმოს თქმით, იმის ალბათობა, რომ პირს, რომელიც გზავნილს ფუთავს, კორონავირუსი აღმოაჩნდეს ძალაინ დაბალია, ასევე დაბალია იმის ალბათობაც, რომ კორონავირუსმა რამდენიმე დღე სხვადასხვა ტემპერატურასა და გარემოში რომელიმე ზედაპირზე გაძლოს.

ორსულობა და ახალი ტიპის კორონავირუსი

ჯანმოს თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულ გართულებებზე ორსულობის დროს.

თუმცა, სხვა ტიპის კორონავირუსით (SARS და MERS) დაავადების დროს, არსებობდა ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები. ზოგადად კი, მაღალი სიცხე პირველი ტრიმესტრის დროს ნაყოფისთვის საფრთხისშემცველი ნამდვილად არის.

ჯერჯერობით არც იმაზე არსებობს პასუხი – გადაეცემა თუ არა მუცლად მყოფ ბავშვს დედისგან კორონავირუსი. თუმცა, როგორც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერს, არსებობს მცირე კვლევებიც, რომელთა თანახმადაც, ინფიცირებული დედებისგან დაბადებულ შვილებს ახალი ტიპის კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამ კვლევებში ვირუსი არც დედის რძეში დაფიქსირებულა.

ვინაიდან ორსულები სხვებზე მეტად შეიძლება იყვნენ მოწყვლადები სხვადასხვა დაავადების მიმართ, გარდა ამისა, შეზღუდულია იმ მედიკამენტების წრე, რომლითაც ორსულობის პერიოდში დასაშვებია მკურნალობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ორუსლებმა სხვების მსგავსად დაიცვან ჰიგიენის წესები, მოერიდონ ვირუსის გავრცელების ქვეყნებში მოგზაურობას და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი