თბილისის მერიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 5 პატარა ყვითელი ავტობუსი გადასცა. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, საჩუქრად მიღებული 4 ყვითელი ავტობუსი სოფლების ვაკიჯვრის, შემოქმედის, ნატანების და აჭის მიმართულებით იმოძრავებს და მოსახლეობას ფასდაკლებით მოემსახურება. მეხუთე ავტობუსი კი “გურიის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებასა და განვითარებას მოხმარდება”.
ნეტგაზეთი ოზურგეთის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს დაუკავშირდა. გვინდოდა გვეკითხა, რატომ მიიღო მუნიციპალიტეტმა ყვითელი ავტობუსები, რომლებზეც ხელისუფლების წარმოამდგენლებს, მათ შორის, თბილისის მერ კახა კალაძესაც უთქვამს, რომ ყვითელი ავტობუსები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და სწორედ ამიტომ მიმდინაროებს მათი ჩანაცვლების პროცესი.
“ხალხს უნდა მოვემსახუროთ,” – გვითხრა კონსტანტინე შარაშენიძემ და ტელეფონი გათიშა. მცდელობის მიუხედავად, მან ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. თბილისის მერიის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ავტობუსების გადაცემა ოზურგეთის მერიამ მოითხოვა.
“გამგეობებიდან არის ხოლმე მსგავსი მოთხოვნა. ამ შემთხვევაშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მოგვმართა თხოვნით, რომ რამდენიმე ერთეული ავტობუსი გადაგვეცა. რაც შეეხება თქვენს კითხავს, რატომ გადაეცით ეს ავტობუსები, სჯობს ეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ჰკითხოთ,” – აცხადებენ მერიაში.