ახალი ამბები

“საპარტნიორო ფონდმა” გაჩეჩილაძის ბიზნესიდეა 7 მლნ ლარით დააფინანსა – “თავისუფლების მონიტორი”

2 მარტი, 2020 • 3078
“საპარტნიორო ფონდმა” გაჩეჩილაძის ბიზნესიდეა 7 მლნ ლარით დააფინანსა – “თავისუფლების მონიტორი”

“თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “საპარტნიორო ფონდმა” 7 მილიონი ლარით დააფინანსა ღვინის კომპანია “გლობალ ბრენდი”.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პროექტი გამონაკლისს წარმოადგენდა, რადგან თუ სხვა ბიზნესიდეებს ფონდი ნაწილობრივ აფინანსებს, აღნიშნული პროექტი 100%-ით დააფინანსა.

“გამიჩნდა იმის იდეა, რომ ქართულ ღვინოში გლობალური ბრენდი შექმნილიყო და რუსეთის ბაზარი ჩანაცვლებულიყო კიდევ უფრო სერიოზული ბაზრით. ეს ბაზარი უპირობოდ არის ამერიკის შეერთებული შტატები. აღვადგინე ჩემი ამერიკული ურთიერთობები საკონსულტაციო ჯგუფებთან და დავიწყეთ ბიზნესპროექტის წერა, რასაც ჰქვია ქართულ მეღვინეობაში გლობალური ბრენდის შემქნა ამერიკის ბაზარზე”, – ამბობს ლევან გაჩეჩილაძე.

“თავისუფლების მონიტორის” ინფორმაციით, მთავრობამ გაჩეჩილაძის ბიზნესიდეა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს მოიწონა და “საპარტნიორო ფონდს” პროექტის დაფინანსება დაავალა. ლევან გაჩეჩილაძე არ ფიქრობს, რომ პროექტს დაფინანსებაში გადამწყვეტი როლი კვირიკაშვილთან მისმა მეგობრობამ და “საპარტნიორო ფონდის” დირექტორ დავით საგანელიძესთან კავშირებმა იქონია.

“ასე ფიქრობთ თქვენ. მე ვიყავი პოლიტიკაში, ვარ ვიღაც ადამიანების მეგობარი. ეს რას ნიშნავს – ჩემი გამოცდილებით პროექტი არ უნდა დავწერო, მთავრობაში არ მივიტანო თუ რა?” – ამბობს ლევან გაჩეჩილაძე და მიიჩნევს, რომ არაფერია უცნაური იმაში, რომ მთავრობამ მსგავსი პროექტი 7 მილიონი ლარით დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

“რაღაცა ყოველთვის ხდება პირველად. ასე მოიგონა ჯობსმა – ეძებდა, ეძებდა, არავინ აფინანსებდა, საბოლოო ჯამში იპოვა დამფინანსებელი და დღეს პირველი კომპანიაა Apple”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

“თავისუფლების მონიტორის” ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე ოფიციალურად “გლობალ ბრენდის” კონსულტანტია, დირექტორად კი მისი რეკომენდაციით ტარიელ ჩიჩუა დაინიშნა.  ასევე, “საპარტნიორო ფონდმა” გასაიდუმლოებული ხელშეკრულებით, ლვან გაჩეჩილაძეს კომპანიის გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვს. ამჟამად კომპანიას საპარტნიორო ფონდი ფლობს.

ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ თუ პროექტი სწორად განვითარდა, კომპანიის გამოსყიდვას წლის ბოლომდე აპირებს. წარუმატებლობის შემთხვევაში დაზარალებული სახელმწფო “საპარტნიორო ფონდი” რჩება, რომელმაც პროექტში 7 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. უცნობია თანხა, რის სანაცვლოდაც გაჩეჩილაძე კომპანიის გამოსყიდვის უფლება ექნება.

“სახელმწიფომ აიღო რისკი, მაგრამ ასეთი რისკები არის ასაღები, თუ გინდა შენმა მოსახლეობამ კარგად იცხოვროს”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

“გლობალ ბრენდის” მიერ აშშ-ს ბაზრისთვის განკუთვნილ ბრენდს “დაკარგული ედემი” ჰქვია, თუმცა ღვინო ჯერ არ არის ჩამოსხმული.


“საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. იგი შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).

დაფინანსება ფონდის მხრიდან ხდება კაპიტალში მონაწილეობით და ზოგიერთ შემთხვევაში სუბორდინირებული (კონვერტირებადი და არა-კონვერტირებადი) სესხების მეშვეობით. ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში კაპიტალის 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დაფინანსებასთან ერთად, ფონდი პარტნიორს და მმართველ გუნდს ეხმარება გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი