ახალი ამბები

კორონავირუსი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ნუ აკოცებენ ხატებს

28 თებერვალი, 2020 • 3242
კორონავირუსი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ნუ აკოცებენ ხატებს

რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა, ნუ აკოცებენ ეკლესიაში განთავსებულ ხატებს, რათა თავიდან აიცოლონ კორონავირუსით დააავდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ეკლესიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხატებისთვის კოცნა უსაფრთხოა საკუთარ სახლში. გარდა ამისა, ეკლესია მორწმუნეებს ურჩევს, გამონაკლისის სახით მღვდლებს სთხოვონ, რომ ზიარებისას გამოიყენონ საკუთარი კოვზები. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყველას, ვისაც დააავდების სიმპტომები აქვს, ურჩევს, ნუ დაესწრებიან წირვას და ნაკურთხი წყალი დალიონ სახლში.

28 თებერვლის მონაცემებით, რუმინეთში კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით, დაფიქსირებულია 2 შემთხვევა.

ოპოზიციონერმა პარლამენტარმა რომან გოცირიძემ რამდენიმე დღის წინ მოუწოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზიარებისას ერთჯერადი კოვზები გამოეყენებინა. საპატრიარქოს პოზიციით ნეტგაზეთიც დაინტერესდა, თუმცა ოფიციალური განცხადება, ან რეკომენდაციები ეკლესიას ამ საკითხზე ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზოგად წესებს, დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვირჩევს, რომ ვირუსის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, ხშირად დავიბანოთ ხელები, გამოვიყენოთ სადეზინფექციო საშუალებები და ასევე, მოვერიდოთ გადაკოცნასა და ხელის ჩამორთევას მისალმების დროს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/256088/

მასალების გადაბეჭდვის წესი