“19 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. საბჭო არსებულ ზომებს 2016 წლის 23 ივნისამდე აგრძელებს. კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ასევე, საქართველო და უკრაინა უერთდებიან ამ დეკლარაციას.
ისინი უზრუნველყფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს საბჭოს გადაწყვეტილებას.
ევროკავშირი მხედველობაში იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას”, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ყირიმსა და სევასტოპოლიდან ტვირთების იმპორტის შეზღუდვაზე და არა რუსეთის ტერიტორიიდან საქონლის დაბლოკვაზე. ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციის სანქცირების გადაწყვეტილება ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისში მიიღო და საქართველო მას ევროკავშირის არაწევრ ზემოხსენებულ ქვეყნებთან ერთად იმავე წლის აგვისტოში შეუერთდა. ახლა კი მას შემდეგ, რაც სანქციების ვადა ევროკავშირმა გაახანგრძლივა, თბილისი მას ისევ შეუერთდა.
საქართველო კვლავაც არ შეერთებია ეკონომიკურ სანქციებს ზოგადად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, რაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვას გამოიწვევდა.
დღესვე ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა მეორე პრესრელიზი, რომლის მიხედვითაც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციების გახანგრძლივებას მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა შეუერთდნენ, მათ შორის საქართველო არ არის.
P.S. ნეტგაზეთის ნიუსის თავდაპირველ ვარიანტში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა, თუმცა დაკონკრეტებული არ იყო, რა სანქციები იგულისხმებოდა.