ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

28 თებერვალი, 2020 • 2315
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი, რიგით მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა და ის ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.

“გუშინ გვიან ღამით დადასტურდა ახალი შემთხვევა. გუშინ ჩვენ გვიან არ გავაკეთეთ განცხადება, რადგან კორონავირუსის ორ სხვა გენზე გადავამოწმეთ და ახლა ერთი საათის წინ დაადასტურეს, რომ გვაქვს კორონავირუსის დადებითი შემთხვევა. წყარო არის იტალია. ანუ იტალიაში მოგზაურობის შემთხვევაა სახეზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მიმდინარეობს მონიტორინგი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეისათვის ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29  ადამიანი.

“დღეს აღებულ იქნა 24 სინჯი და მიმდინარეობს მათი კვლევა ლუგარში. აქედან დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გვქონდეს დადებითი შემთხვევა. მაგრამ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს. ევროპაში სერიოზული ზრდაა ინფექციის, მთლიანად  მსოფლიოში 51 ქვეყანაშია დადასტურებული შემთხვევები. გუშინდელიდან დღემდე 6 ქვეყანაში დაემტა ახალი შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ფრენების აკრძალვები და მკაცრი რეჟიმები შეკავების თვალსაზრისით დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ ინფექციას მხოლოდ საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა, სავარაუდო ინფიცირებულთა იზოლაციაზე, თვითიზოლაციაზე და სამედიცინო დახმარებაზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, პაციენტი იტალიის რეისით ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდა. ის საზღვარზე უსიმპტომო იყო და ინფექციის შესაბამისი სიმპტომები მეორე დღეს გამოუვლინდა რის შემდეგაც ინფექციურ საავადმყოფოს თვითონ მიმართა.

“მიმდინარეობს ეპიდკონტაქტების ძიება. ერთი მისი უახლოეს ადამიანი უკვე იმყოფება კარანტინში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მრავალ ადამიანს, რომელც უცხო ქვეყნიდან შემოდის განსაკუთრებით იტალიიდან, ეძლევათ რჩევა, რომ იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში. საუბარია მათზე, ვისაც საზღვარზე სიმპტომები არ აღმოაჩნდათ. სიმპტომების მქონე ადამიანები შემოწმებაზე მიჰყავთ.

პირველი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. შუა ხნის მამაკაცი (საქართველოს მოქალაქე) აზერბაიჯანის გავლით ირანიდან ჩამოვიდა საქართველოში.

ამბის გაგრძელება

“მიმდინარეობს ეპიდკონტაქტების ძიება” – გამყრელიძე მე-2 ინფიცირებულზე

მასალების გადაბეჭდვის წესი