ახალი ამბები

“კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავეს

28 თებერვალი, 2020 • 906
“კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ბრალდებით  ქუთაისში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს. უწყბის თმით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ “კანონიერ ქურდებს” – ბ.კ.-სა და რ.ძ.-ს მიმართა.

უწყების განცხადებით, ქურდული გარჩევის შედეგად, “კანონიერმა ქურდებმა” ფინანსური დავა პ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტეს, მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის – დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პ.გ. ქუთაისში დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და დაკავებულის მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ “კანონიერ ქურდებს” უკავშირდებოდა.

გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი