ახალი ამბები

ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებს “ტიტუშკებს” ახვედრებს – ნადირაშვილი

28 თებერვალი, 2020 • 903
ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებს “ტიტუშკებს” ახვედრებს – ნადირაშვილი

“ევროპული საქართველო” აქტივისტ ზვიად კუპრავას ცემის ფაქტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის თქმით, კუპრავას ცემის ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, ადამიანებს, ვინც არ აზროვნებს და საუბრობს ისე, როგორც, მაგალითად, მამუკა მდინარაძე და დაჩი ბერაია. ხელისუფლება, რომელიც ასე იქცევა, ძალიან ცუდად დაამთავრებს. არ შეიძლება, რომ საკუთარი “ტიტუშკები” დაახვედრო და აცემინო ადამიანები, ვინც არ მოგწონს.

ხელისუფლება, ერთი მხრივ, იყენებს ამ მეთოდს და “ევროპული საქართველოს” კარებთანაც ყოველ საღამოს ვხედავთ “ქართულ ოცნების” ტიტუშეკებს და მეორე მხრივ, იყენებს პოლიტიკური დევნის მექანიზმს და დღეს ციხეებში ბევრი პოლიტიკური პატიმარია. ასეთი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი არ გძნობს თავს მყარად. როდესაც ფიქრობ, რომ არჩევნებს მოიგებ, მაშინ პოლიტიკური ველის მოსუფთავება საჭირო არ არის”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის გზით ძალადობას ახალისებს, რაც შემდეგ გამოიხატება კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებაშიც, ვინაიდან ადამიანები ხედავენ დაუსჯელობის სინდრომს და ორმაგ სტანდარტებს სამართალდამცველების მხრიდან.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ზვიად კუპრავას გუშინ, 27 თებერვალს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. კუპრავა მომხდარს საკუთარ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ხელისუფლება აქციებში მონაწილეობის გამო გაუსწორდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი