ახალი ამბები

სირია: იდლიბზე თავდასხმისას თურქეთის 29 ჯარისკაცი მოკლეს

28 თებერვალი, 2020 • 3610
სირია: იდლიბზე თავდასხმისას თურქეთის 29 ჯარისკაცი მოკლეს

თურქეთის ცნობით, სირიაში, ქალაქ იდლიბში, რომელიც სირიული ოპოზიციის „უკანასკნელ ბასტიონად“ ითვლება, საჰაერო თავდასხმას თურქეთის, სულ მცირე, 29 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

თურქული მხარის თანახმადვე, თავდასხმა „სირიის [ბაშარ ალ ასადის] რეჟიმმა“ განახორციელა.

თურქეთის ჰათაის პროვინციის გუბერნატორის, რაჰმი დოღანის ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. არაოფიციალური ცნობები მსხვერპლთა უფრო დიდ რაოდენობას უჩვენებს.

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის არმიამ საპასუხოდ სირიის ხელისუფლების პოზიციებს შეუტია.

BBC წერს, რომ სირიული ძალები, რომლებსაც ზურგს რუსეთის ფედერაცია უმაგრებს, ცდილობენ, ქალაქი იდლიბი წაართვან აჯანყებულების, რომლებსაც, თავის მხრივ, თურქი ჯარისკაცები უმაგრებენ ზურგს.

„გარდიანის“ თანახმად, თურქეთის ხელისუფლება თავდასხმაში სირიის რეჟიმს ადანაშაულებს, თუმცა იდლიბში მათი არაერთი წყარო ადასტურებს, რომ თავდასხმა რუსეთის საჰაერო ძალებმა განახორციელა.

გამოცემის თანახმადვე, იმის მიუხედავად, რომ ანკარა და მოსკოვი ვაჭრობის, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებში მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები, ბოლო პერიოდში მათ ურთიერთობა ეძაბებათ სირიაში განვითარებული მოვლენების გამო. ისინი დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს.

„ალ ჯაზირას“ ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო საჰაერო შეტევა.

ნატოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ეს მოვლენები უჩვენებს თურქეთს, თუ „ვინ არის მისი სანდო პარტნიორი და ვინ არა“ და კიდევ ერთხელ მოუწოდა, უარი თქვას რუსეთის სარაკეთო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე. დაგეგმილ შესყიდვას ვაშინტონი დიდი ხანია, აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ დასავლურ ალიანსს შეასუსტებს.


უკანასკნელ პერიოდში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში ახალი ფაზა დაიწყო. ორივე ქვეყნის სამხედროები სირიაში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ – რუსეთი მხარს ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალების მხარესაა.

ამავე თემაზე:

სირიაში რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე

ასევე გირჩევთ:

სირიამ თურქეთთან დაპირისპირების ფონზე სომეხთა გენოციდი აღიარა

მასალების გადაბეჭდვის წესი