ახალი ამბები

ვაშაძე მდინარაძის განცხადებაზე 40%-იანი მხარდაჭერის ზღვართან დაკავშირებით

27 თებერვალი, 2020 • 1156
ვაშაძე მდინარაძის განცხადებაზე 40%-იანი მხარდაჭერის ზღვართან დაკავშირებით

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მზადაა მოისმინოს ახალი საარჩევნო მოდელის შესახებ ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პოლიტიკურ ძალას მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერის გარეშე მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება არ უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად.

თუმცა როგორც ვაშაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ნებისმიერი შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოქმედებს იმ პირობებში, რომ “პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს”.

“40%-იანი ნიშული, მე ვფიქრობ, არის მინიმალური ზღვარი, რომელიც უნდა არსებობდეს. პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სრულად პროპორციული გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ სრულად პროპორციული არაა, ეს ვითარებაა დღეს. მარტივია, რომ 40%-ს ქვემოთ მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება არავის უნდა ჰქონდეს, ეს მინიმალური ზღვარია. საბოლოო პასუხს [ამ ინიციატივაზე] ვერ ვამბობ ამის განხილვა პარტიის შიგნით და პოლიტიკურ პარტნიორებთან არ გვქონია და საბოლოო პასუხს ვერ ვიტყვი, მაგრამ მზად ვარ მოვისმინო ახალი მოდელი ამ პრინციპით”, – ამბობს ვაშაძე ნეტგაზეთთან და დასძენს:

“თუ უგულავა ციხეშია, რურუა ციხეშია ოქრუაშვილი ციხეშია და ა.შ. ციფრებს აზრი არ აქვს. ეს ვერ ჩაითვლება შეთანხებმად, რომ ოპოზიცია დათანხმდა რაღაცას”, – აცხადებს იგი.

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა დათანხმდეს პრინციპს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ ძალას ხელისუფლების დამოუკიდებლად ფორმირებისთვის მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა დასჭირდება არჩევნებში.

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პარტიამ პროპორციული წესით არჩევნებში 40% ან მეტი ვერ მიიღო, ის ხელისუფლებას ვერ დააკომპლექტებს რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არ უნდა მოიგოს. ვაშაძის განმარტებით, ეს რიცხვები დაახლოებით 130/20-ზე თანაფაროდბას ნიშნავს, სადაც 130 დეპუტატი პროპორციული წესით (სიით) აირჩევა, ხოლო 20 – მაჟორიტარულით. დღეს მოქმედი საარჩევნო წესით 77/73-ზე თანაფარდობა არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი