ახალი ამბები

პირს, რომელიც „ინფექციურში“ შეაბრუნეს, კორონავირუსი არ დაუდგინდა

27 თებერვალი, 2020 • 1672
პირს, რომელიც „ინფექციურში“ შეაბრუნეს, კორონავირუსი არ დაუდგინდა

პაციენტს, რომელმაც გუშინ, 26 თებერვლის საღამოს ჟურნალისტების თვალწინ შეაბრუნეს ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა მაინც გადაიყვანეს კარანტინში.

ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის პაციენტები, რომლებსაც გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში არ დაუდასტურდათ კორონავირუსი, აბასთუმნის სამედიცინო ცენტრში მოწყობილ კარანტინში არიან გადაყვანილები.

მათ შორის არის ირანის ის მოქალაქეც , რომელიც გუშინ არაერთი ხუმრობის და მიმის ინსპირაცია გახდა. იგი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა და ეუბნებდა, რომ ირანიდან ახალი ჩამოსული იყო და წინა დღის გადაიყვანეს ინფექციურში, თუმცა ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამ დროს უეცრად საავადმყოფოს ორი თანამშრომელი გამოვიდა და პაციენტი პალატაში სწრაფად შეაბრუნეს.

როგორც „ნეტგაზეთს“ ინფექციურ საავადმყოფოში უთხრეს, აღნიშნულ პაციენტზე ლუგარის ცენტრმა უარყოფითი პასუხი აჩვენა კორონავირუსზე, თუმცა, პროტოკოლის შესაბამისად, 14 დღეს კარანტინში გაატარებს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში, ჯამში, 16 ადამიანია ამჟამად გადაყვანილი.

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის თანახმად, „კარანტინის სივრცეში მოხდება დაკვირვება სპეციალისტების მიერ… ვინც საქართველოს მოქალაქეა, მათ საცხოვრებელ პირობებს შეაფასებენ და თუ მათი საცხოვრებელი აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომ იყოს იზოლირებული, მათ სახლში დააკვირდებიან [ანუ იქნებიან თვითიზოლაციაში], თუ არადა 14 დღის განმავლობაში დარჩებიან კარანტინში“.

გარეკანის ფოტო: სქრინშოთი მთავარი არხის კადრებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი