ახალი ამბები

ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია კორონავირუსისთვის – გამყრელიძე

27 თებერვალი, 2020 • 1452
ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია კორონავირუსისთვის – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია კორონავირუსთან ბრძოლისთვის, მოწყობილია შესაბამისი სივრცეები და ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო მასალაც. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 27 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ის სპეციალურად კორონავირუსზე სასაუბროდ მიიწვიეს.

“ჩვენთან არის რეზერვი როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პროვიფილური საავადმყოფოების, სადაც გახლავთ ყველა საშუალება იმისა, რომ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება… ყველაზე საყურადღებო გართულება გახლავთ ე.წ ატიპიური პნევმონია, ანუ ვირუსული პნევმონია, რა დროსაც საჭიროა რეანიმაციული რესპირატორული დახმარებები და ჩვენ ამის რეზერვები გვაქვს, საკმაოდ კარგად არის მომზადებული პერსონალიც”, – თქვა გამგრელიძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალს აქვს ეპიდემიის მართვის გამოცდილება ჯერ კიდევ 2008-2009 წლიდან, როდესაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპი იყო გავრცელებული. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე გამოყოფილია 4 ინფექციური საავადმყოფო და თუ საჭირო გახდა, სხვა კლინიკებიც შეძლებენ კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას.

გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაც მზად არის კორონავირუსზე სამედიცინო ტესტირებებისთვის:

“ლაბორატორიული სიმძლავრეები ქვეყანაში საკმარისია. ლაბორატორიული კვლევა წარმოებს ლუგარის ცენტრში, კვლევას სჭირდება, დაახლოებით, 4-დან 5 საათამდე. სიმძლავრეები სერიოზულია, ჩვენ გვაქვს მარაგები 2 000 შემთხვევაზეზე და გვაქვს მოლაპარაკებები ამ რაოდნეობის გაზრდაზე. ასევე გავქვს დღიური სიმძლავრეები და დღე-ღამის განმავლობაში მუშაობის საშუალება არის, რაც გვაძლევს საკმაოდ დიდი რაოდენობის კვლევის ჩატარების საშუალებას”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე ისაუბრა რეკომენდაციებზეც და განმარტა, რომ ვირუსის პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი ჰიგიენის დაცვაა:

“ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება გახლავთ პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც შეიძლება ხშირად ხელების დაბანა, რაც შეიძლება ხშირად სველი წესით დალაგება, რაც შეიძლება ხშირად განიავება და მთავარი, თუ ვბრუნდებით დასენიანებული ქვეყნიდან და 14 დღის განმავლობაში დაგვეწყება სიმპტომები, რომლებიც გამოიხატება ტემპერატურის მატებით, ხველით, სუნთვის გაძნელებით, ქოშინით, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ჩვენს ოჯახის ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, ან პირდაპირ გამოყოფილ ინფექციურ საავადმყოფოებს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ასევე, მისი თქმით, განსაკუთრებული სასჭიროებების არქონის შემთხვევაში მოსახლეობა უნდა მოერიდოს იმ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც ეპიდემიის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელია. ეს ქვყენებია ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადეს, ყველა უწყება მუშაობს კოორდინირებულად, შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, რომლის მდგომარეობასაც ექიმები, მოცემული მომენტისთვის, მსუბუქად აფასებენ. მას არ აღენიშნება არც პნევმონია და არც მაღალი ტემპერატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი