ახალსოფელში შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა. საცხოვრებელი ფართობის მიღების მოთხოვნით განაცხადი 141-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 42 ოჯახი შეირჩა. შენობაში სულ 42 ბინაა, აქედან 14-ერთოთახიანი, 23-ოროთახიანი, 5-სამოთახიანი.
თანამედროვე სტანდარტის ბინებში დამონტაჟდა წყლის ელექტროგამაცხელებელი და გაზის გამათბობელი, ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის. ბინების გადაცემის პარალელურად, დანიის ლტოლვილთა საბჭომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალ საცხოვრებელ ადგილას შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, დევნილი ოჯახებს მცირე გრანტები გადასცა. ახალ ბინებში გადასულ ყველა დევნილ ოჯახს, მათი სურვილის შესაბამისად, გადაეცათ საბრუნავი კაპიტალი ან ხელსაწყოები და დანადგარები მცირე ბიზნესისათვის.
საცხოვრებელი ფართების გადაცემის ღონისძიების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 28-თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელი ფართი 2016 დევნილ ოჯახს გადაეცემა. საწყის ეტაპზე ორი 12-სართულიანი კორპუსი შენდება, რომელთა მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს.