ახალი ამბები

მთავრობის, ოპოზიციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

25 თებერვალი, 2020 • 1270
მთავრობის, ოპოზიციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

ამერიკის ელჩის მოადგილემ საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, დამოუკიდებელ დეპუტატებთან და სხვადასხვა ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო და მასზე კონკრეტული საკითხების განხილვა არ მომხდარა:

“ელჩმა მოგვიპატიჟა დღეს იმისათვის, რომ ჩვენს მეგობრებს თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ ჩვენთვის, ეს არ იყო მოლაპარაკებების რაუნდი, მაგრამ როდესაც ჩვენს მეგობარ ელჩებს აინტერესებთ ჩვენი მოსაზრებები და უნდათ, რომ მათი მოსაზრება მოვისმინოთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ ეს მოპატიჟება მიღებულ იქნა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეს არ იყო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი და შეხვედრის ფარგლებში მხოლოდ ის დაინახეს, რომ ქვეყნის პარტნიორებს საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა სურთ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმოამდგენლის, გრიგოლ ვაშაძის თქმით კი, დიდი ალბათობით მსგავსი შეხვედრა აღარ გაიმართება, რადგან ყველა მხარემ დააფიქსირა, რომ ისინი პოზიციების შეცვლას არ გეგმავენ:

“საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზე, არავითარი შეთავაზებები არ გაკეთებულა, არავითარი შეთავაზებები არ მიგვიღია… კონკრეტული საკითხები არ წამოჭრილა იმიტომ, რომ საუბრის დასაწყისშივე ყველამ დააფიქსირა, რომ იგივე პოზიციებზე რჩებიან”, – განმარტა ვაშაძემ.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ შეწყდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიებია და ამ პირობებში ისინი არ აპირებენ მმართველ გუნდთან იმსჯელონ საარჩევნო სისტემის საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი