ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საკონსტიტუციოს თავმჯდომარე ფაშინიანს დეფამაციისთვის უჩივის

25 თებერვალი, 2020 • 1688
საკონსტიტუციოს თავმჯდომარე ფაშინიანს დეფამაციისთვის უჩივის

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჰრაირ თოვმასიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სასამართლოში უჩივის და დეფამაციას, ანუ რეპუტაციის შელახვას ედავება.

ფაშინიანმა გასულ თვეში გააკრიტიკა თოვმასიანი და თქვა, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მას „ახალი ხელისუფლების მსახურება“ შესთავაზა.

თოვმასიანმა ეს ნათქვამი უარყო და ფაშინიანს მოუწოდა, დამამტკიცებელი საბუთი წარმოედგინა, წინააღმდეგ შემთხვევში კი სასამართლოთი დაემუქრა. პასუხად ფაშინიანმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა კალმის ფოტო — ეს კალამი, ფაშინიანის თანახმად, თოვმასიანმა აჩუქა 2018 წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე ერევანში.

თოვმასიანის ადვოკატები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ფაშინიანს უკვე უჩივის სასამართლოში.

24 თებერვალს გამოქვეყნებული საჩივრის თანახმად, თოვმასიანი ითხოვს, რომ ფაშინიანმა „უკან წაიღოს რეპუტაციის შემლახავი განცხადებები და ბოდიში მოიხადოს“.

საქმე უკვე დაეწერა ერევნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გაიანე ხაჩატურიანს. ჯერჯერობით პირველი მოსმენა არ ჩანიშნულა.

თოვმასიანმა საჩივარი მას შემდეგ შეიტანა სასამართლოში, რაც ფაშინიანმა მიიღო გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩანიშვნის შესახებ და წინასარეფერენდუმო კამპანია დაიწყო.

სარეფერენდუმო კამპანია კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ოფიციალურად 17 თებერვალს დაიწყო. პროცესის ინიციატორია პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მისი პოლიტიკური ოპონენტები კი ცვლილებებს აპროტესტებენ.

საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან შვიდის გათავისუფლებას, რომლებსაც ფაშინიანი უკავშირებს ქვეყნის წინა „კორუფციულ რეჟიმს“. მათ შორის არის ჰრაირ თოვმასიანიც.

სომხეთის სასამართლო – ყოფილი პრეზიდენტების ბასტილია?

ვრცლად ამ საკითხზე გირჩევთ:

სომხეთის სასამართლო – ყოფილი პრეზიდენტების ბასტილია?

მომზადებულია რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის მასალებზე დაყრდნობით. გარეკანის ფოტოზე: ფაშინიანი და თოვმასიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი