ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალი შესაძლოა, თბილისში არ ჩატარდეს

25 თებერვალი, 2020 •
ევროსაბჭოს მინისტერიალი შესაძლოა, თბილისში არ ჩატარდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ხვალ, 26 თებერვალს სტრასბურგში  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე გადაწყდება, სად ჩატარდება მაისში დაგეგმილი მინისტერიალი.

ზალკალიანის თქმით, ევროპის საბჭოში მიმდინარე შეხვედრებისას განიხილავენ მინისტერიალის ისე ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტს, რომ არასასურველი სცენარების განვითარება თავიდან იქნას აცილებული.

“ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამიტომ მე დღეს კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ, რადგანაც ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ ძალიან დიდი მოლოდინია და ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ჟენევაში.

მან არ უპასუხა კითხვას, სტრასბურგსა და თბილისს შორის არის თუ არა არჩევანი.


საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, დააანონსა, რომ მიმდინარე წლის 14-15 მაისს თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უმასპინძლებს. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში.

შესაბამისად, საქართველოს, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეწვიოს, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, შიდა კანონმდებლობის გვერდის ავლით და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ზოგიერთ წევრს, შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს მიერ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის 6-თვიან ვადაში თბილისში გაიმართება და არა – სტრასბურგში. საგარეო უწყება გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გრაფიკის შედგენისას საფრთხეები არ გაითვალისწინა. ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელის, დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, საქართველომ სწორედ რუსეთის დელეგაციებთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით უარი თქვა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩასატარებელი სხვა ღონისძიებების თბილისში გამართვაზე. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ შეიძლებოდა მინისტრთა კომიტეტის ვიზიტის აცილებაც და ამის შესაძლებლობა ახლაც არის, თუ ევროპის საბჭოს მივმართავდით მისი სტრასბურგში გამართვის თხოვნით.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ქართული მხარე არ განიხილავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ადგილის სტრასბურგით შეცვლის საკითხს.

ამ თემაზე წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია:

პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი