ახალი ამბები

მატარებლიდან ჩამოსმულ ჩინელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ – ინფექციური

25 თებერვალი, 2020 •
მატარებლიდან ჩამოსმულ ჩინელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ – ინფექციური

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც მგზავრების პროტესტის გამო თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩამოსვეს და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, დეტალურად შეისწავლეს ჩინეთის მოქალაქეების გადაადგილების მარშრუტი და მათი ეპიდანამნეზი, ასევე, ექიმები მათ რამდენიმე საათი აკვირდებოდნენ.

“როგორც ცნობილია, მათ შანხაი დატოვეს ერთი თვის წინ და 3 კვირა იყვნენ დუბაიში. ამის შემდეგ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. ჯერ იყვნენ გუდაურში, შემდეგ თბილისში და მიდიოდნენ ბათუმში. ეს ეპიდანამნეზი გამორიცხავს კორონავირუსის არსებობას. რამდენიმე საათით ვაკვირდებოდით. ტემპერტურა არ ჰქონიათ, ასევე არ ყოფილა არანაირი სიმპტომი, რაც შეიძლება კორონავირუსის შემთხვევაში დაფიქსირდეს”, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ჩინეთის ამ მოქალაქეებმა ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს.

თბილისი-ბათუმის მატარებელი 24 თებერვალს ერთი საათზე მეტი დროის განმავლობაში თბილისიდან ვერ გავიდა. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრებმა მიიჩნიეს, რომ ორ მგზავრს, რომლებიც მგზავრების აზრითვე, ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ, სავარაუდოდ, გრიპის ნიშნები ჰქონდათ, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დაცალეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში გააკრიტიკა ამ ამბის მედიაგაშუქება და სამარცხვინო ქსენოფობია უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი