ახალი ამბები

გუდაურში, კაფე-ბარ “მთვრალ ალუბალში” მომხდარ ინციდენტზე 2 პირი დააკვეს

25 თებერვალი, 2020 • 979
გუდაურში, კაფე-ბარ “მთვრალ ალუბალში” მომხდარ ინციდენტზე 2 პირი დააკვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში მდებარე კაფე-ბარ “მთვრალ ალუბალში” მომხდარ ინციდენტზე დაკავებულია ორი პირი, მათ შორის, რესტორნის დაცვის თანამშრომელი შ.ე. გარდა ამისა, დაკავებულია ვ.წ, რომელიც რესტორანში არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და რესტორნის მეპატრონეს, მირანდა ესაკიას დაარტყა.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 თებერვალს გუდაურში მდებარე კაფე-ბარში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ.წ. და ამავე ბარის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის, შ.ე., ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვ.წ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაფე-ბარის მეპატრონესაც. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ვ.წ. – მცხეთაში, შ.ე. კი გუდაურში დააკავა. ინციდენტში მონაწილე სხვა პირების მიმართ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი