ახალი ამბები

სიტყვა პანდემიის გამოყენება ამჟამად ფაქტებს არ შეესაბამება – WHO

24 თებერვალი, 2020 • 1288
სიტყვა პანდემიის გამოყენება ამჟამად ფაქტებს არ შეესაბამება – WHO

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ამჟამად სიტყვა პანდემია ფაქტებს არ შეესაბამება, მაგრამ [ჩვენ] მზად უნდა ვიყოთ პოტენციური პანდემიისთვის“.

„სიტყვა პანდემიის გამოყენება ამჟამად ფაქტებს არ შეესაბამება, მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია შიშის გამოწვევა. ჩვენ არ ვცხოვრობთ ბინარულ, შავ-თეთრ სამყაროში, სადაც ან ეს, ან ის ხდება. ფოკუსირებული უნდა ვიყოთ [ვირუსის] შეკავებაზე და ამასთან ერთად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მზად ვიყოთ პოტენციური პანდემიისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.


კორონავირუსით ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულია თითქმის 80 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა დაახლოებით 25 000, დაიღუპა 2 500-ზე მეტი. კორონავირუსი, ჩინეთის გარდა, ყველაზე მეტად გავრცელებულია იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

საქართველომ ამჟამად შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა ირანთან და ჩინეთთან, განიხილება მიმოსვლის შეჩერება იტალიასთანაც. როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ამ ეტაპზე 4 ინფექციური საავადმყოფოა გამოყოფილი – თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის, მაგრამ არსებობს გეგმა ბ და კიდევ მესამე გეგმაც იმ შემთხვევაში, თუ იქნება დიდი დატვირთვა, რომელი საავადმყოფოები იქნება გამოყოფილი კორონავირუსის სამკურნალოდ.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს გეგმაზე გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

რა გეგმა აქვს საქართველოს კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი