ახალი ამბები

რა გეგმა აქვს საქართველოს კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში

24 თებერვალი, 2020 • 1661
რა გეგმა აქვს საქართველოს კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში

დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს აქვს რამდენიმე გეგმა იმის მიხედვით, თუ როგორი მდგომარეობა შეიქმნება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით.

როგორც გამყრელიძემ დღეს, 24 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, პანიკა საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება, მათ შორის, პირადი ჰიგიენის დაცვა და ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავება, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია.

“ამ ეტაპზე 4 ინფექციური საავადმყოფოა გამოყოფილი – თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის, მაგრამ არსებობს გეგმა ბ და კიდევ მესამე გეგმაც იმ შემთხვევაში, თუ იქნება დიდი დატვირთვა, რომელი საავადმყოფოები იქნება გამოყოფილი კორონავირუსის სამკურნალოდ. ზოგადად, როცა ეპიდაფეთქება დაიწყო ჩინეთში, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გაიგზავნა  ცირკულარები, ე.წ. რესპირატორული ინფექციებისადმი მზადყოფნის შესახებ, ანუ მეტი ყურადღება რომ იყოს რესპირატორული სიმპტომებით მოხვედრილ პაციენტებზე”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, სალიცენზიო პირობებით, ყველა საავადმყოფოს ევალება, რომ ჰქონდეს შესაბამისი ბოქსირებული პალატები და ე.წ. შიდა გეგმები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში.

“როგორც მე ვიცი, სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა შეისწავლა ეს საკითხი და მათ აქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა ამ კუთხით. ამიტომ, სამინისტროს აქვს შესაბამისი გეგმა, თუ იქნა მოთხოვნა მეტ საწოლებსა და მეტ ბოქსირებულ საწოლზე, თუ რომელ საავამდყოფოში რა ტიპის სამედიცინო დახმარება უნდა იქნეს გაწეული”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში, 24 თებერვლის მონაცემებით, 144 ბოქსირებული საწოლია. ჯერჯერობით ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი