ახალი ამბები

საქართველო იტალიასთან ფრენების შეჩერებას განიხილავს

24 თებერვალი, 2020 • 1514
საქართველო იტალიასთან ფრენების შეჩერებას განიხილავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავონ ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობისაგან.

მანამდე მსგავსი ტიპის მოწოდებით NCDC გამოვიდა ჩინეთში მოგზაურობაზე.

გამყრელიძის თქმით, ასეთივე ტიპის რეკომენდაციებს გამოსცემს ამერიკისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები. ჩინეთზე გაფრთხილების მე-3 და ყველაზე მაღალი დონეა გამოცემული, ხოლო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში – მე-2. მისივე თქმით, გაფრთხილება განსაკუთრებით ეხებათ ხანში შესულ და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს. გამყრელიძის თქმით, თუ მაინც აღმოვჩნდებით ამ ქვეყნებში, თავი უნდა შევიკავოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან.

როგორც ცნობილია, საქართველომ უკვე გააუქმა ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენები. გამყრელიძის თქმით, განიხილება ანალოგიური შეზღუდვა იტალიაზეც. NCDC-ის განმარტებით, ფრენებთან დაკავშირებით თითოეული გადაწყვეტილება კომპლექსურად და დაკვირვებით მიიღება. უწყების განმარტებით, იტალიის შემთხვევაში სახეზეა ქვეყნის გახსნილობა და მაღალი სანდოობის პრევენცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში მაღალი ვარაუდით ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდება.

მისივე თქმით, არ არის საჭირო პანიკა, თუმცა “ყველას გვმართებს სიფრთხილე”.

ამავე თემაზე

იტალიაში კორონავირუსის გამო საფეხბურთო მატჩები გააუქმეს, ბარსელონის ფეხბურთელებს კი სიცხეს გაუზომავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი