ახალი ამბები

იტალიაში კორონავირუსის გამო საფეხბურთო მატჩები გააუქმეს, ბარსელონის ფეხბურთელებს კი სიცხეს გაუზომავენ

24 თებერვალი, 2020 • 1221
იტალიაში კორონავირუსის გამო საფეხბურთო მატჩები გააუქმეს, ბარსელონის ფეხბურთელებს კი სიცხეს გაუზომავენ

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის, სერია A-ს რამდენიმე მატჩი გააუქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გარდა ამისა, მილანისა და ზოგადად იტალიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნეობა, მილანის საკათედრო ტაძარი – Duomo di Milano ტურისტებისთვის დახურეს.

გამოცემის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტიმ განაცხადა, რომ სპორტის მინისტრს ვინჩენცო სპადაფორა აპირებს, ვენეტოსა და ლომბარდიაში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები გააუქმოს. გაუქმდა ინტერი-სამპდორიას, ტორინო-პარმას, ვერონა-კალიარის და ატალანტა-სასუოლოს თამაშები.

გარდა ამისა, უეფა-ს ევროპის ლიგის თამაშთან – ინტერი-ლუდოგორეცთან დაკავშირებით ბულგარული კლუბის ხელმძღვანელობამ ასოციაციას მიმართა – კლუბს სურს გაარკვიოს, რა სიტუაციაა რეგიონში და რამდენად შეიძლება მათმა 600-მა გულშემატკივარმა იტალიაში იმგაზვროს. უეფა-ს განცხადებით,  ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონტაქტში არიან და ამ მომენტისთვის სხვა კომენტარს ვერ გააკეთებენ.

გარდა ამისა, ESPN-ის ცნობით, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ ფეხბურთელებსა და პერსონალს, რომლებიც იტალიას, კერძოდ კი ნეაპოლს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში უნდა ეწვიონ, იტალიაში ჩასვლისას და უკან გამგზავრებისას შესაბამის სამედიცინო პროცედურებს ჩაუტარებენ. თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსის ნიშნები აღმოაჩნდება, მათ იტალიის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის პროტოკოლის თანახმად საავადმყოფოში გადაიყვანენ. „ბარსელონას“ ამის შესახებ იტალიის მთავრობამ უკვე ამცნო.


ახალმა კორონავირუსმა თავდაპირველად 2019 წლის ბოლოს ჩინეთში იფეთქა, შემდეგ კი რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა. ჩინეთში ამჟამად თითქმის 80 000 ადამიანი დაავადებულია, 2000-ზე მეტი გარდაიცვალა, თითქმის 25 000 გამოჯანმრთელდა. ჩინეთის გარდა, ინფიცირების ბევრი შემთხვევა ბოლო დღეებში დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში.

საქართველომ გუშინ, 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. ირანთან საზღვარი ჩაკეტა სომხეთმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი