ახალი ამბები

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ხოშტარიას გადადგომა ისევ მოითხოვეს

23 თებერვალი, 2020 • 1138
„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ხოშტარიას გადადგომა ისევ მოითხოვეს

23 თებერვლის საღამოს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მოწინააღმდეგები მივიდნენ და თქვეს, რომ კვლავ აპროტესტებენ ელენე ხოშტარიას პერფორმანსს — პარლამენტში სსკრ-ის ჰიმნის გაშვებას.

მათ პარტიის ოფისს მიაკრეს სტიკერები წარწერებით: „სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები“. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ ხოშტარიამ, ირმა ნადირაშვილთან ერთად, დეპუტატის მანდატი დატოვოს. მათი თქმით, აქციებს იქამდე გააგრძელებენ, სანამ ხოშტარია არ გადადგება.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა სერგი კაპანაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ მათს ოფისთან მისული ადამიანები „ქართული ოცნების“ მოგზავნილები არიან.

18 თებერვალს პარლამენტოს პლენარულ სხდომაზე, სადაც გენპროკურორად ირაკლი შოთაძის ხელახლა დანიშვნას წყვეტდნენ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს. ამ სიმბოლური პერფორმანსით მათ საპარლამენტო უმრავლესობა გააკრიტიკეს.

ამ პერფორმანსის გამო ელენე ხოშტარიას ოპონენტებმა აქციები მოუწყვეს; ერთ-ერთ საღამოს მიუვარდნენ რესტორანში, სადაც ხოშტარია სადილობდა; აქციები გაიმართა მისი პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ოფისთანაც.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნის ჩართვა იუნკრების შეურაცხყოფად შეაფასა.

თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი