ახალი ამბები

მიქელაძე: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტიპი ხელისუფლების ღირებულებებს წარმოაჩენს

23 ივლისი, 2015 •
მიქელაძე: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტიპი ხელისუფლების ღირებულებებს წარმოაჩენს

19 ივნისს თბილისის საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე “არა პანორამას” აქციის მონაწილეთა ნაწილს ეჭირა პლაკატი წარწერით, სადაც პანორამა მამაკაცის სასქესო ორგანოსთან იყო შედარებული. აქციის ათი მონაწილე პოლიციამ ადმინისტაციული წესით, 166–ე მუხლით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დღეს სასამართლომ 7 მათგანი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმები დააკისრა. 

 

“მე ბოზებში არასოდეს დავდიოდი არც მაშინ და არც ახლა, 10 მანეთის გადახდა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუ ვინმე ლამაზი ცნობილი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან მაქვს ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე”– განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ჯაჭვლიანის ამ სიტყვებს მოგვიანებით გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე. კობახიძის განცხადებით, წუხს, რომ როგორც სხდომის წამყვანმა, სოსო ჯაჭვლიანის შეჩერება ვერ შეძლო. ჯაჭვლიანისთვის ამ ტექსტის გამო რაიმე სანქცია არ დაუკისრებიათ.

 

“გამოხატვის თავისუფლებით დაცულია ყველაზე შეურაცხმყოფელი ფორმები და უხამსობაც, იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პლურალიზმი და დისკუსიები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და შეურაცხმყოფელი გამოხატვები ასევე არის დაცული სფერო გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ეპატაჟური, კრიტიკული, უმრავლესობისვის მიუღებელი, შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი გამოხატვებიც კი არის ის ფორმა გამოხატვის, რომელიც საზოგადოებაში დისკუსიას, რეფლექსიას იწვევს.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა შეკრების თავისუფლებების შეზღუდვის ძალიან უხეში შემთხვევები წინა ხელისუფლების პირობებში, როცა ხდებოდა აშკარად არაპროპორციული ძალის გამოყენება და რეპრესიული პოლიტიკის გატარება შეკრების მონაწილეთა მიმართ, ძალიან მძიმე შემთხვევები გვქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ მორალურ, ზნეობრივ დისკუსიაში გადასვლა და ეს შემთხვევაც ამის მაჩვენებელი იყო, როცა სახელმწიფო დისტანცირებას არ ახდენს გარკვეული ზნეობრივი, მორალური ღირებულებებისგან, რომლების მიმართაც სახელმწიფო ნეიტრალური და დისტანცირებული უნდა იყოს. 

 

ამის საპირისპიროდ, უნდა გავიხსენოთ იგივე სოსო ჯაჭვლიანის განცხადება, როცა ფაქტია, რომ პარლამენტის წევრი ახდენს და აკულტივირებს იმ გენდერულ სტერეოტიპებს, რომელიც ქალის ობიექტივიზაციას ახდენს, მას მოხმარების ობიექტად თვლის და სრულიად არ ჯდება გენდერული თანასწორობისა და გენდერული როლების სწორი გააზრების კონცეფციაში. სამწუხაროა, რომ თავად პოლიტიკურმა პარტიამაც არანაირი ცენზურის ან თვითკრიტიკის მექანიზმები არ გამოიყენა, რომ მსგავსი გამოხატვები მათი კოალიციის მონაწილე პირების მხრიდან შეზღუდული იყოს.

ერთი მხრივ, თუ ვხედავთ ზნეობაზე კონტროლის მცდელობას, მე ალბათ გავიხსენებდი იგივე შუღლის გაღვივების კანონს, მანამდე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, როცა ხელისუფლების მხრიდან არ ხდება საჯარო სივრცის, როგორც ნეიტრალური სადისკუსიო და გახსნილი სივრცის განხილვა, – მორალური ღირებულებებით გარკვეული რეგულაციებისა და შეზღუდვის ფაქტებს ვხედავთ და ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ სოსო ჯაჭვლიანის მანამდე კიდევ სხვა ტიპის განცხადებებს, რომლებიც სწორედ ქალთა ემანსიპაციის, გენდერული თანასწორობის, ფემინიზმის, თანასწორობის იდეების წინააღმდეგ გამოდის. ვფიქრობ, რომ სინამდვილეში, გამოხატვის თავისუფლების რა ტიპის შეზღუდვები ჩანს ჩვენს რეალობაში, გარკვეულწილად იმ იდეოლოგიურ თუ ღირებულებთ პროფილს წარმოაჩენს, რომლებიც ხელისუფლებას გააჩნია,”– ამბობს თამთა მიქელაძე.

 

 

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი