თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზიშვილის გადაწყვეტილებით, პარტიზან მებაღეებს: ნატა ფერაძეს, ელენე მალაშევსკი-ჯაყელს, ირაკლი მგალობლიშვილს, ანა მამულაშვილს, კოსტა ჩაჩანიძეს, გიგა მაქარაშვილს და ვახო ქარელს 100-100 ლარი ჯარიმა დაეკისრათ.
“საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, ხსენებული პირები 2015 წლის 19 ივლისს ქ.თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ იყვნენ შეკრებილნი, თან ჰქონდათ ფურცლები უცენზურო წარწერებით, რომელსაც ხმამაღლა სკანდირებდნენ. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცნენ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ( სასკ-ის 166 მუხლი), ხოლო ირაკლი მგალობლიშვილი და ალექსანდრე გიორგაძე, ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით (სასკ-173)”, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განმარტებაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობა ეს არის − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
გიორგი გოცირიძის განცხადებით კი, თუნდაც უხამსი გამონათქვამი, რომელსაც პოლიტიკური შინაარსი და კონოტაცია აქვს, გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონითაა დაცული, შესაბამისად, მოსამართლემ ეს საკითხი არასწორად განმარტა.
“უხამსობა – განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს”, – ნათქვამია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში უხამსობის შესახებ.

“სიტყვის და გამოხატვის შესახებ კანონში წერია, რომ სახელმწიფოს აქვს უხამსობის რეგულირების უფლება, თუმცა უხამოსბად არ ჩაითვლება ისეთი გამონათქვამი, რომელსაც აქვს პოლიტიკური, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. ის გამონათქვამი სხვა კონტექსტში ნათქვამი შეიძლება მართლაც დაქვემდებარებოდა რეგულირებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მას აშკარად ჰქონდა პოლიტიკური დანიშნულება, პოლიტიკური კონოტაცია და, შესაბამისად, ის დაცული იყო სიტყვის და გამოხატვის შესახებ კანონით. ჩვენი აზრით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმა, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში უცენზურო ლანძღვა-გინებას, მოსამართლემ ძალიან ფართოდ განმარტა და ის სტანდარტი, რაც არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში, უბრალოდ არ გაითვალისწინა”, – ამბობს იურისტი ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენს, რომ უცენზურო ხასიათის გამონათქვამები შესაძლოა სწორედ იმ დროს იყოს რეგულირებული და შეზღუდული, როდესაც ძალადობის გამოწვევის საფრთხეს შეიცავს:
“მაგალითად, როდესაც პირისპირ ერთი ადამიანი მეორეს აყენებს პიროვნულ შეურაცხყოფას. ბუნებრივია, იმ დროს წარმოიშვება საფრთხე, რომ შეურაცხყოფაზე პასუხი ძალადობრივი ფორმით იქნება გაცემული. ანუ როცა გამონათქვამი ახდენს ძალადობის პროვოცირებას, მხოლოდ მაშინ აქვს სახელმწიფოს მათი რეგულირების უფლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქის მიმართ პირისპირ მიყენებულ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და არც არანაირი ძალადობრივი პასუხის გაცემის საფრთხე არსებობდა. შესაბამისად, ეს არის გამოხატვის თავისუფლების და საქართველოს კანონის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ დარღვევა”.
იურისტი იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო შეცვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში საიამ შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმა, რომლითაც სასამართლო აპელირებს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.
“იმედი მაქვს, სააპელციო სასამართლო გამოხატვის თავსიუფლებასთან დაკავშირებით ამ მეტად საშიშ პრეცედენტს გააუქმებს”, – ამბობს გოცირიძე.
თბილისის საკრებულოსთან პროექტ “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მაქარაშვილი დააკავეს. საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებმა მაქარაშვილის დაკავება მისსავე პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს და სოლიდარობის ნიშნად ფურცლებზე მათაც იგივე წარწერა გააკეთეს. სამართალდამცავები მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ აღნიშნული წარწერა დაემალათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავეს. გიგა მაქარაშვილის შემდეგ, პოლიციამ ჯერ ნატა ფერაძე დააკავა. სოლიდარობის ნიშნად ნატა ფერაძესთან ერთად, პოლიციას კიდევ ერთი პარტიზანი მებაღე, ვახტანგ ქარელი თავისი ნებით გაჰყვა. ამის შემდეგ პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა: ირაკლი მგალობლიშვილი, ალექსანდრე გიორგაძე, მარიამ ნანობაშვილი, ელენე მალაშევსკი, კონსტანტინე ჩაჩანიძე, ბესიკ კალაძე და ანა მამულაშვილი.
სულ ბოლოს სამართალდამცავებმა ტაბულას ფოტოგრაფი, ალექსანდრე გიორგაძე დააკავეს. შსს–ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 10 პირიდან 8 166–ე მუხლით აიყვანეს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს; ერთ–ერთს 166–ე და 45–ე მუხლები აქვს წაყენებული, რაც წვრილმანი ხულიგნობის გარდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვას, ან მოხმარებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ტაბულას ფოტოგრაფი, ალექსანდრე გიორგაძე 166–ე და 173–ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.